ჩათვალეთ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებული აქვს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპელი მეგობრები საქართველოს არ დატოვებენ მარტო და პირისპირ რუსეთთან.
„ჩათვალეთ, რომ ჩვენ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებული აქვს. ხაზგასმით გეუბნებით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებული აქვს. ჩვენ ეს მივიღეთ არა „ოცნების“ ვითომ რეფორმების გამო და დამსახურებით, არამედ ჩვენ ეს მივიღეთ რამდენიმე საკითხის გამო. პირველია ის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა არაერთხელ აჩვენეს მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი და ცალსახა არჩევანია ევროკავშირი, ევროპა და არა რუსეთი. მეორე – იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში, უამრავჯერ გადაიხადა ძალიან ძვირი ფასი, რათა ჩვენი ქვეყნის მომავალი დაკავშირებული ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირთან და ცივილიზებულ დასავლურ სამყაროსთან. მესამე – იმიტომ, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები კარგად ხვდებიან, რა რისკები არსებობს რეგიონში. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ არ დაგვტოვებენ მარტო და პირისპირ რუსეთთან. ამიტომ, ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა დაუშვილმა.