პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ იმპიჩმენტის განხილვის პროცესზე პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყოფნა-არყოფნის საკითხზე პრეზიდენტის მოწოდებას გაითვალისწინებენ.
როგორც დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიაჩნდათ და მიაჩნიათ, რომ სწორი ნაბიჯი იქნებოდა კენჭისყრისას წითელ ღილაკზე ხელის დაჭერით პოზიციის გამოხატვა.
„რაც შეეხება გუშინდელ თხოვნას თუ მოწოდებას საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, დიახ, ჩვენ ამ მოწოდებას გავითვალისწინებთ. არ ვიცი, პრეზიდენტს რა გეგმა და ამოცანა აქვს და რატომ სურს, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ თხოვნას და მოწოდებას გავითვალისწინებთ. თუმცა ჩვენ დარბაზში შევიდოდით თუ არა, მოქალაქეებს კითხვა არ გაუჩნდებოდათ, რა იყო ჩვენი გადაწყვეტილება. ჩვენი მოქალაქეები დარწმუნებული იქნებოდნენ, რომ მხარი დავუჭირეთ იმპიჩმენტის პროცესის წინააღმდეგ და ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ევროინტეგრაციის იმპიჩმენტის პროცედურას. დარბაზში ყოფნა-არ ყოფნის საკითხზე პრეზიდენტის მოწოდებას გავითვალისწინებთ. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი არ უნდა გადამდგარიყო და არც უნდა გადადგეს, უნდა გააგრძელოს ბრძოლა, რომ ქვეყანას დაეხმაროს ევროინტეგრაციის პროცესში“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.