დაურ კოვე: „საუკეთესო მომავლისკენ ერთადერთი ნაბიჯი იქნება საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება“

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ “Facebook”-საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
“ამოწურა რა ზეწოლის რესურსები, საქართველომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა მსოფლიო საზოგადოებას აჩვენოს ერთგვარი მეგობრული დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და ამ ინიციატივების ქვეშ დაფარული ნამდვილი მიზნები დამალოს. ამასთან დაკავშირებით, სურვილი მაქვს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელებს მივმართო წინადადებით, შეწყვიტონ სიცრუე და პოლიტიკურ ამბიციებს შეეშვან. აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა. საუკეთესო მომავლისკენ ერთადერთი ნაბიჯი იქნება საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და სრულფასოვანი სახელმწიფოთაშორისი დიალოგი ორ ქვეყანას შორის სტაბილურობისა და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ“,- წერს კოვე.
ტექსტი რუსულ და ინგლისურ ენებზეა გამოქვეყნებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე უალტერნატივო ნაბიჯს წარმოადგენს.
„საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას. ეს არის კიდევ ერთი ღია განაცხადი, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო, აუცილებლად გაგრძელდება. მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, ეს არის ჩვენი ურყევი კურსი, რომელიც თანმიმდევრულად გაგრძელდება. ეს არის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ გამოწვევებს და, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ნდობის აღდგენასა და შერიგების პროცესის გააქტიურებას“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს
შემდეგი სტატიაამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიესალმება