1-2 ოქტომბრის გასაყარი ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან და მძიმე ღამედ დარჩბა საქართველოს ისტორიაში.
1-2 ოქტომბრის გასაყარზე დაეცა გაგრა.

აფხაზეთის დედაქალაქის დაცემის დღეს უკვე ოთხი წელია, გლოვით აღნიშნავს საქართველო, მაგრამ რატომღაც ყველას დაავიწყდა, რომ 3 ოქტომბერი ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უფრო ტრაგიკული თარიღია.
1992 წლის ამ დღეს, აფსუა სეპარატისტთა და ჩრდილოეთ კავკასიელ ბოევიკთა ბანდებმა შეძლეს აეღოთ გაგრა და დაეწყოთ აფხაზეთის ქართველობის გენოციდის პირველი აქტი. ადგილობრივი ქართველი მეომრების, გვარდიისა და მხედრიონის მცირე ნაწილმა თავი შეაკლა მტერს და ბოლომდე იბრძოლა, სანამ ბრძოლა შეიძლებოდა. მაგრამ ძალიან ბევრი უბრძოლველად გარბოდა და მდინარე ფსოუს მიღმა რუსეთს აფარებდა თავს. სეპარატისტებმა გაგრის სტადიონზე სასაკლაო მოაწყვეს და მოკვეთილი თავებით ფეხბურთი ითამაშეს, ბავშვები გააუპატიურეს… ერთი სიტყვით, ყველანაირად გამოამჟღავნეს თავიანთი პირუტყვული ბუნება, რასაც «სამართლიანობის აღდგენას» უწოდებდნენ.
გაგრის ტრაგედიას წინ უძღოდა რუსული დიპლომატიის ტრიუმფი – 2 სექტემბრის ხელშეკრულება მოსკოვში. ბორის ელცინმა იმ დღეს შესანიშნავი «სპექტაკლი» დადგა საქართველოს, აფხაზეთის და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკათა ხელმძღვანელების მონაწილეობით. თვით ხელშეკრულებას დიდი ზარ-ზეიმით მოეწერა ხელი, თუმცა არც ერთ ხელმომწერს (ქართველების გარდა) იოტისოდენად არ ეპარებოდა ეჭვი, რომ იგი არ შესრულდებოდა. 3 სექტემბრიდანვე აფხაზებმა დაიწყეს მზადება გაგრის აღებისათვის. იმთავითვე ცხადი იყო, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით მათ სწორედ ჩრდილო-დასავლეთისაკენ უნდა განეხორციელებინათ დარტყმა, რათა მოეპოვებინათ საერთო საზღვარი რუსეთთან და შემოეზიდათ იარაღი, შემდგომ გაძლიერებულიყვნენ, დაეგეგმათ და განეხორციელებინათ სოხუმის აღების ოპერაცია.
ამ მომენტში აფხაზ სეპარატისტებს უდიდესი დახმარება (ისევე, როგორც მთელი ომის განმავლობაში) გაუწია რუსეთის ტელევიზიამ. სწორედ მან შექმნა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს 2 სექტემბრის ხელშეკრულება ქართულმა მხარემ დაარღვია, ხოლო აფხაზები «კონტრშეტევაზე გადავიდნენ», გაგრაც აიღეს და ლესელიძეც. რუსეთის ტელეარხ РТР-ის საინფორმაციო პროგრამის წამყვანი ღიმილით აუწყებდა ტელემაყურებელს: «ბორის ელცინი გაგრის ამბებთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა ედუარდ შევარდნაძეს და შეახსენა მას 2 სექტემბრის ხელშეკრულების შესრულების აუცილებლობა». ესე იგი აფხაზებმა გაგრა აიღეს, ხოლო ბორის ელცინი ქართველებს საყვედურობდა.

ფუჭია ყოველგვარი გამოძიება გაგრის ტრაგედიის მიზეზთა გამოსაკვლევად. გაგრის დაცემა იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. არმიის ნაცვლად «ლაშქარი» გვყავდა. არანაირი მართვა არ არსებობდა, სრული ქაოსი და განუკითხაობა სუფევდა – გარდაუვალი იყო.
თუმცა, ალბათ მაინც შეიძლებოდა მტრის შეჩერება დროებით ისეთ ადგილებში, სადაც ხიდის აფეთქებას ორიოდე ნაღმი და ელემენტარული ჭკუა სჭირდებოდა, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემდა დროულად გახიზნულიყო.
სამხედრო თვალსაზრისით გაგრის აღებისათვის მნიშვნელოვანი ძალა იყო თითქოს საჭირო. არადა სინამდვილეში აფხაზებმა ოპერაცია განახორციელეს ერთადერთი ტანკით (!) და ორასიოდე კაცით, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრძოლის ჟინი და ნება მათ მეტი ჰქონდათ, ვიდრე გაგრის დამცველებს. სწორედ ამიტომ დაიკარგა გაგრა, მოგვიანებით კი სოხუმიც.
სამოქალაქო ომისგან გაოგნებული და სისხლისგან დაცლილი საქართველო, რაღაც მშვიდად შეხვდა გაგრის დაცემას. ამ თარიღს არც ახლა ახსენებენ რატომღაც.
არადა იმ დაწყევლილ 2 ოქტომბერს დაიწყო საშინელებათა სერია.
მაშინ ითამაშეს გაგრის სტადიონზე ქართველებისთვის მოჭრილი თავებით ფეხბურთი. ტყვედ ჩავარდნილი ქალების ნაწილი კი გაგრის სტადიონზე ჯერ რიგ-რიგობით გააუპატიურეს გავეშებულმა კონფედერანტებმა და მერე დახოცეს.
კლავდნენ ყველას, ვისი ევაკუაციაც ვერ მოხერხდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა მოხუცი იყო, ქალი, თუ ბავშვი.
ქართველობა საკმარისი მიზეზი იყო იმისათვის, რომ ადამიანისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანათ.
ე.წ. კოლუმბიური ჰალსტუხებიც მაშინ გამოიყენეს, მთიელ ხალხთა კონფედერაციის ლაშქრის ბოევიკებმა.
ხეებზე ჩამოახრჩვეს ადამიანები, მათი ცხედრები იქ რამდენიმე დღეს ეკიდა.
არ ვიცი სამოქალაქო ომისგან ვიყავი დაცლილები, არ ვიცი სისასტიკემ გაგვაოგნა, მაგრამ რაღაც ჩუმად გადავიტანეთ გაგრის დაცემა.
„ის ჯგუფი, სადაც მე ვიყავი, თხუთმეტამდე სამხედროფორმიანს ჰყავდა ალყაშემორტყმული. ბევრი ამ ბანდიტთაგან მთვრალი იყო და ახლოს დგომისას ალკოჰოლის სუნი ასდიოდათ. მათ შორის იყვნენ აფხაზები, რუსები და სხვა კავკასიელები. ყველაზე აქტიური იყო ერთი, რომელიც მათი მეთაური ჩანდა, ჩეჩენი თუ დაღესტნელი… ჩვენთან ხშირად მოდიოდა, იარაღით გვემუქრებოდა, გვირტყამდა, გვაფურთხებდა და გვეუბნებოდა, რომ მალე ჩვენს სისხლს დალევდა და ჩვენი თავებით ფეხბურთს ითამაშებდა. ახალგაზრდა ქალები გამოჰყავდათ ჩვენი რიგებიდან და სკამებისაკენ მიათრევდნენ. იქიდან ტირილი, წივილი და საშინელი კივილი ისმოდა. იქ მათ რიგრიგობით აუპატიურებდნენ და ზოგიერთს, ვინც ცოტა შეეწინააღმდეგებოდა, იქვე ცხრილავდნენ. ირგვლივ, მთელ შემოგარენში, საზარელი და თავზარდამცემი მდგომარეობა იყო“, – ჰყვებოდა დათო.გაგრის დაცემის შემდეგ საზღვარი მოწინააღმდეგის კონტროლქვეშ გადავიდა და ჩვენს ტერიტორიაზე თავისუფლად მოდიოდნენ სისხლს მოწყურებული ბოევიკები.

დანარჩენები იქ დარჩნენ. ქართულ მიწას და ქართველობას შეწირულები გაგრის უკანასკნელ მცველებად იქცნენ.
ადამიანი იმედით ცოცხლობსო ნათქვამია, არ მიყვარს ეს ფრაზა, რადგან იმედის ამარა დარჩენა ყველაზე საშინელი რამაა. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა მინდა მქონდეს იმედი, იმედი იმისა რომ ოდესმე გაგრას დავიბრუნებთ.
ისტორიასაც უყვარს ხოლმე მოულოდნელი სიურპრიზები, მაგრამ მხოლოდ ხანდახან.
ყველაფრის მიუხედავად მინდა მჯეროდეს, რომ გაგრას დავიბრუნებთ. და გაგრაში დაბრუნებამდე, გაგრაში დარჩენილ გაგრის უკანასკნელ მცველებს დავუბარებთ:
– მალე შევხვდებით, ფსოუზე.















