სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულმა ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს უწყებაში განუცხადეს, გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება, ბილანიშვილს დაწესებულება არ დაუტოვებია და ის ამჟამადაც ციხეში იმყოფება.
განცხადება იმის შესახებ, რომ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ბილანიშვილი საკუთარ სახლთან დაინახეს და ფოტოც გადაუღეს.
„ტყუილად ასეთ ჭორებს არ იგონებენ, „კაწრო“ სახლთან დაინახეს და გადაუღეს სურათი… ჩემს შვილს კრიმინალს ეძახიან, მაგრამ ყველაზე დიდი კრიმინალები არიან ციხის უფროსი და სუს-ი. გაერკვიეთ, ბატონო პრემიერო, ცუდად არის საქმე ქვეყანაში… მესმის, რომ კრიმინალური ბანდა ვამხილე“, — განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.
პენიტენციურ სამსახურში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ბრალდებული ავთანდილ ბილანიშვილი სასჯელს დაწესებულებაში ჩვეულ რეჟიმში იხდის.


















