33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

დათუნაშვილი: ერთში მართლები არიან შარმანაშვილის დამცველები – კაცი აშკარად სიცოცხლით სავსე მედროვეა

კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი სოციალურ ქსელში საარქივო მასალას აქვეყნებს და უმრავლესობის დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილს უპირისპირდება.

„2010 წელია, საქართველოში სააკაშვილის გვიანი აბსოლუტიზმი მძვინვარებს, ‘ნაცების’ მმართველობა ყველა ზღვარსაა გადასული, ‘მაესტროს’ სიუჟეტი ჰყვება ამბავს თენგიზ შარმანაშვილის სააკაშვილის ელჩად დანიშვნის შესახებ ერევანში და მის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე პრეზიდენტ სააკაშვილთან, ის თავად საუბრობს გამალებით“, — წერს დათუნაშვილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დეტალურად იხსენებს დეპუტატის პოლიტიკურ წარსულს:

„ამ სიუჟეტამდე შარმანაშვილს უკვე მოსწრებული აქვს პუტჩის დროს ‘ედპ’-ში ყოფნა, შემდეგ შევარდნაძის ‘მოქალაქეთა კავშირში’ თანამდებობების დაკავება, ‘ვარდების რევოლუციის’ შემდეგ საკონსტიტუციო კომისიის მდივნობა, ამ სიუჟეტში კი სააკაშვილის ელჩია უკვე. აქ როდი ამთავრებს პოლიტიკურ ქამელეონობას, გავა რამდენიმე წელი და შარმანაშვილი ‘ქართული ოცნების’ დეპუტატი, თანამდებობის პირი და ლამის მთავარი სპიკერიც გახდება და მორალსაც გვიკითხავს მთელ ქვეყანას“.

დათუნაშვილი ასევე გამოეხმაურა მმართველი გუნდის რეაქციას მის კრიტიკაზე და ხაზი გაუსვა, თუ რის გამო გააკეთა ეს განცხადება:

„დღეს ამ კაცის მორალურ კომპასში ეჭვი შევიტანე ‘ტვ პირველის’ ეთერში, ამაზე გადარეულა მთელი ‘ქართული ოცნება’, ეს რა იკადრაო… არადა, ჩემი ეს შეფასება ზეციდან კი არ ჩამოვარდნილა, შარმანაშვილმა ქართველობით გაამართლა ორ თანამდებობის პირზე, დეპუტატებზე ჯგუფური ძალადობის შემზარავი აქტი და ამას გამოვეხმაურე. ისე კი, ერთში მართლები არიან მისი დამცველები, შარმანაშვილის პოლიტიკური შეფასებისას ‘ზეზეული გვამის’ ხსენება ნამდვილად ზედმეტი იყო, კაცი აშკარად სიცოცხლით სავსე მედროვეა“.

banner
წინა სტატიაშიადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს
შემდეგი სტატიაOHCHR-ი ანგარიშში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს