საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მის უახლოეს გარემოცვაში რუსეთის მიერ ჩანერგილი აგენტი მოქმედებდა, რომელმაც მას ორჯერ უღალატა და მისი გადაადგილების კოორდინატები საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს გადასცა.
სააკაშვილის განცხადებით, სწორედ ამ ადამიანის გამო ჩაიშალა მისი პირველი წამოსვლა 2020 წელს, ხოლო მეორედ — უშუალოდ საქართველოში შემოსვლის დროს უღალატეს. ექსპრეზიდენტს დღევანდელ პროცესზე კონკრეტული პირის სახელი და გვარი არ დაუსახელებია.
„მე მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, იმიტომ რომ, მიუხედავად დალხინებული ცხოვრებისა უკრაინაში, შეუძლებელია დაკნინებული ქვეყნისთვის მეყურებინა. ჩამოსვლა მარტივი არ იყო, რადგან რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში ჩასმული. იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა — ჩამოდი, ჩამოდიო. ამის თქმა მე არ მჭირდებოდა, მაგრამ მერე გარკვეული ნდობა გაიჩინა ჩემს გარემოცვაში.
პირველად, 2020-ში რომ ჩამოვდიოდი, ჩემი კოორდინატები გადასცა ივანიშვილის ხელისუფლებას — წინასწარ ყველაფერი იცოდნენ და მომიხდა უკან დაბრუნება. მეორეჯერ როცა ჩამოვედი, უნდა დამხვედროდა, მაგრამ არ დამხვდა არავინ და ზუსტად ორ საათში, რუსეთის დავალებით, ჩემი მონაცემები გადასცა მაშინდელ ძალოვან სტრუქტურებს. არის ასეთი ადამიანი. ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

















