დათო გოჩავა: თბილისიდან სარკინიგზო ხაზის “ამოჭრა”გამორიცხულია

თბილისიდან სარკინიგზო ხაზის “ამოჭრა”გამორიცხულია

ქვეყანაში მდგრადი სატრანსპორტო სისტემის შექმნის სტიმულირებისათვის უმთავარესი საკითხია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება და სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლება. ამ თვალსაზრისით დიდჩქარული სარკინიგზო ქსელის (high-speed rail network) განვითარებას აქვს რეგიონების, მისი ეკონომიკური და კულტურული ცენტრების, აგრეთვე შავი ზღვის კასპიის ზღვასთან უკეთესად და უფრო სწრაფად დაკავშირების პოტენციალი. დიდჩქარული სარკინიგზო მიმოსვლა წარმოადგენს ადამიანებისა და ბაზრების ერთმანეთთან დაკავშირების სწრაფ, საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიურ ხერხს და ამიტომ სტიმულს აძლევს მგზავრების გადართვას სარკინიგზო ტრანსპორტზე.

ი რ ა ნ ი თავისი სარკინიგზო ქსელის განფენილობას აორმაგებს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ფრანგების დახმარებით ირანის ქალაქები თეირანი და თავრიზი ერთმანეთს დაუკავშირდება დიდჩქარული სარკინიგზო ხაზით. მალე ამ პროცესს, სავარაუდოდ, მიუერთდება ა ზ ე რ ბ ა ი ჯ ა ნ ი ც. სხვათა შორის, აზერბაიჯანი ირანს გამოუყოფს ერთ მილიარდ დოლარს სარკინიგზო ხაზის „რეშტი – ასტარა“ მშენებლობისათვის, რათა დასრულდეს ირანის სამხრეთ ნაწილში განლაგებული ბენდერ-აბასის პორტის დაკავშირება აზერბაიჯანის (და შემდეგ – რუსეთის) სარკინიგზო სისტემასთან.

გარდა ამისა, თ უ რ ქ ე თ ი ც აპირებს თავისი სარკინიგზო ქსელის განფენილობის გაორმაგებას – სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ქვეყანაში ჩინელების მხარდაჭერით შენდება ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი დიდჩქარული სარკინიგზო ქსელი. ის ასეთი ტიპის რკინიგზას (თურქეთში სამი ტიპის რკინიგზაა: ჩვეულებრივი, სწრაფი და დიდჩქარული) ააშენებს შავი ზღვის სანაპიროს გაყოლებით და სარფამდე ამოვა – მატარებელი იმოძრავებს მინიმუმ 250 კმ/სთ სიჩქარით.

ამ კონტექსტში თბილისიდან სარკინიგზო ხაზის “ამოჭრა” იქნება უდიდესი დანაშაული მომავალი თაობების წინაშე და ეს უნდა გამოირიცხოს! ზოგადად, სარკინიგზო სექტორში უნდა დაიწყოს ფუნდამენტური ცვლილებები – უნდა განისაზღვროს რკინიგზის როლი ქვეყნის სატრანსპორტო სისტემაში. სამწუხაროდ, დღეს ეს მკაფიოდ და ნათლად გარკვეული არ არის!

„პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელი
დათო გოჩავა

banner
წინა სტატიაშივის ნიშნავენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსად?!
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს