“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლებას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს – ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სანამ ვენეციის უმწვავესი დასკვნა საჯარო გახდებოდა, ის პირველს “ოცნებას” გადაეგზავნა და ეთხოვა კომენტარები გაეკეთებინა.
თუ მათ რაიმე არგუმენტები ჰქონდათ თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად, რატომ არ და ვერ მიაწოდეს ვენეციის კომისიას მანამ, სანამ დასკვნა გამოქვეყნდებოდა? რატომ ვერ დაიცვეს თავისი პოზიცია? – ამბობს ოპოზიციონერი და აცხადებს, რომ ამ კანონის პირობებში არანაირი მოლაპარაკებები საქართველოსთან ევროკავშირის მხრიდან არ დაიწყება.
ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლება მიზანმიმართულად ეწევა ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის საბოტაჟს.
ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა უმწვავესი დასკვნა და ცალსახად განმარტა, რომ ასეთი კანონის ადგილი დემოკრატიულ სახელმწიფოში არ არის. თუ ეს კანონის საბოლოოდ იქნება ამოქმედებული, ეს ნიშნავს, რომ “ოცნება” მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას და მიზანმიმართულად ბლოკავს მოლაპარაკების პროცესს. ასევე ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კანონის ამომქედებით “ოცნება” მიზანმიმართულად ბლოკავს აშშ-სთან ურთიერთობის სრულიად სხვა ეტაპზე გადაყვანას, მათ შორის უვიზო რეჟიმს, თავდაცვის სფეროში დახმარებას და უპრეცედენტო პაკეტს თავდაცვის სფეროში.
ასევე მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო ძალიან მნიშვნელოვან ჩანაწერზე ამ დასკვნაში, რომელიც ამბობს, რომ მანამ სანამ დასკვნა გახდებოდა საჯარო, ეს დასკვნა გაეგზავნა პირველად “ოცნებას” და სთხოვა ხელისუფლებას გაეკეთებინა კომენტარები. მთელი ის ბრიფინგი და პროპაგანდა, რომელსაც “ოცნება” დასკვნასთან დაკავშირებით ავრცელებს, არის სიყალბე და გაკეთებული იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეები მოატყუოს.
თუ მათ რაიმე არგუმენტები ჰქონდათ თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად, რატომ არ და ვერ მიაწოდეს ვენეციის კომისიას მანამ, სანამ დასკვნა გამოქვეყნდებოდა? რატომ ვერ დაიცვეს თავისი პოზიცია და რატომ არის ეს დასკვნა ასეთი უმკაცრესი? რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი მოლაპარაკებები ამ კანონის პირობებში საქართველოსთან ევროკავშირის მხრიდან არ დაიწყება გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის და ამისთვის მათ მოუწევთ პასუხისგება”, – ამბობს ნაცვლიშვილი.
ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს – ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.
დასკვნაში საუბარია, რომ კანონი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
ვენეციის კომისიას “ქართულ ოცნებაში” უპასუხეს – მმართველი გუნდის დეპუტატმა სალომე ქურასბედიანმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ვენეციის კომისია გააკრიტიკა.