“დასჯა თუ წახალისება არ მოხდება ერთპიროვნულად”

საქართველოს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძის განცხადებით, უწყებაში მომდევნო კვირაში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება.

როგორც ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებთან შეხვედრისას აღნიშნა, საბჭოს ფარგლებში, მოხდება თითოეული პროკურორის, გამომძიებლის თუ კონსულტანტის საქმიანობის შეფასება. მისივე განმარტებით, საბჭოს ფარგლებში, განიხილება აღნიშნული თანამშრომლების წახალისების, დაწინაურებისა თუ გადაცდომებზე რეაგირების საკითხი.

„თუ დაფიქსირდა გადაცდომა, შესაბამისი რეაგირება მოხდება. თითოეულ თქვენგანს დაცულობის შეგრძნება გექნებათ, რადგან დასჯა თუ წახალისება არ მოხდება ერთპიროვნულად“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

მთავარმა პროკურორმა უწყების თანამშრომლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. როგორც შოთაძემ აღნიშნა, უწყებაში შეიქმნება ელექტრონული პროგრამა, სადაც განთავსებული იქნება თითოეული თანამშრომლის შეფასება.

მთავარი პროკურორის ინფორმაციით, პირველი ივნისიდან არასრულწლოვანთა კოდექსი ამოქმედდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ამოქმედდება მოწმის დაკითხვის ახალი წესი.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, მთავარი პროკურორი არსებული რეკომენდაციების განხილვასა და არსებულ დანაშაულებზე რეკომენდაციების მომზადებას გეგმავს.

შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის რანგში უწყების თანამშრომლებს პირველად ხვდება
შემდეგი სტატიაღუდუშაურის კლინიკაში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო