დასავლეთზე და ოპოზიციაზე თავდასხმის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტული ზომები უნდა გაატაროს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს – სამნიძე

დასავლეთზე და ოპოზიციაზე თავდასხმის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს კონკრეტული ზომები, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. სრული პასუხისმგებლობა, სრული ტვირთი თუ სად იქნება საქართველო ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ ძალას, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სამნიძის განცხადებით, „დაგვეხმარეთ, რათა დაგეხმაროთ“ – კარლ ჰარცელის სიტყვები ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო ამ ისტორიულ მომენტში საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რათა ევროკავშირისგან პოზიტიური პასუხი მივიღოთ.

„ქვეყანაში „ქართული ოცნება“ დიდი ხანია შიშის დათესვის პოლიტიკას ეწევა. ხან ომზე საუბრობს და ომში ჩართვის ბრალდებით გამოდის. ახლა უკვე აშინებენ საზოგადოებას, რომ შესაძლოა სტატუსი ვერ მივიღოთ. იმის ნაცვალდ, რომ საუბრობდეს ოპტიმიზმზე და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა მივიღოთ პოზიტიური პასუხი, ისევ გადასულია თავდასხმაზე, უკვე შანტაჟით ესაუბრება არა მხოლოდ ამერიკის საელჩოს, უკვე გადავიდა ევროკავშირის დაშანტაჟებაზე. კობახიძეს და მთელ „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი ასეთი თავდასხმების ნაცვლად ისაუბრონ კონკრეტულ ნაბიჯებზე თუ რას აკეთებს „ქართული ოცნება“, რა არის მათი სამოქმედო გეგმა, რომ მომავალ კვირას პოზიტიური პასუხი მივიღოთ. დასავლეთზე და ოპოზიციაზე თავდასხმის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს კონკრეტული ზომები, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

სრული პასუხისმგებლობა, სრული ტვირთი თუ სად იქნება საქართველო ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ ძალას.

ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ კანდიდატის სტატუსს, რაც არ უნდა ცუდი ხელისუფლება იყოს, ჩვენ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“,- განაცხადა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიბრძოლები უკვე სევეროდონეცკის ქუჩებში მიმდინარეობს – გაიდაი
შემდეგი სტატიაამოცანაა, რაც შეიძლება მეტს გავაგებინოთ, რამდენად სახიფათოა ივანიშვილის რეჟიმი – ბოკერია