დასავლეთ საქართველოში სტიქიასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო განცხადებას ავრცელებს

დასავლეთ საქართველოში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ სტიქიურ პროცესებზე ოპერატიული და კოორდინირებული რეაგირება ხორციელდება. სტიქიის ადგილებზე მობილიზებულია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები. ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრი 24 საათიან რეჟიმში აწარმოებს მონიტორინგს და კავშირზეა ყველა დაზარალებული ტერიტორიული ერთეულის თვითმმართველობის ორგანოსთან და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთან. უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება სტიქიური პროცესების ანალიზი და აუცილებელი რესურსების მობილიზება.

8-9 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის სოფლები. კერძოდ, წვიმის შედეგად დაიტბორა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა, მათ შორის მწყობრიდან გამოვიდა საკომუნიკაციო სისტემები, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები. ადგილობრივი თვითმმართველობის, სამაშველო სამსახურების და პოლიციის კოორდინირებული ქმედებების შედეგად განხორციელდა რამდენიმე ათეული ოჯახის ევაკუაცია.

“ოპერატიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს”,-ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჯაკარტაში ბორბლიანი მეჩეთები გამოჩნდა
შემდეგი სტატიამარტვილის სოფლებში, თამაკონსა და აბედათში 180-მდე ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი