დასაქმებულთა დაკომპლექტება ხდება პრინციპით: „ცოტ-ცოტა და ყველას”- ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ კვლევა ჩაატარეს

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ კვლევა ჩაატარეს, რომლის მიზანი, მათი თქმით, საქართველოში არსებული ბიუროკრატიული აპარატის სიდიდისა და მასზე გაწეული დანახარჯების შესწავლა იყო.

„ევროოპტიმისტები“ აცხადებენ, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯები ყოველწლიურად იზრდება და მზარდია საქონლისა და მომსახურების ხარჯებთან ერთად სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა და ხელფასები. ოპოზიციონერი დეპუტატების მოსაზრებით, უცნაურად გამოიყურება ის ფაქტი, რომ მთავრობისათვის ბოლომდე ცნობილი არ არის, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს დაქვემდებარებულ სახელმწიფო დაწესებულებებში და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში არ ჩანს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა.

„ბიუროკრატიული ხარჯების ყველაზე დიდი წილი სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე მოდის. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013-2022 წლებში ჯამში გაიცა დაახლოებით 16,8 მლრდ. ლარის ოდენობის ხელფასი, მათ შორის, შტატგარეშეებზე 2,3 მლრდ. ლარი. იმავე პერიოდში ერთი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი საშუალოდ შეადგენს 13 მლრდ. ლარს. ანუ, ამ ცხრა წლის განმავლობაში გაცემული შრომის ანაზღაურება აღემატება ერთი წლის საშუალო ბიუჯეტს. თვალშისაცემია, შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ზრდის ტემპიც. 2013-2022 წლებში შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურება საშუალოდ (ყოველწლიურად) იზრდება 19%-ით, მაშინ, როდესაც შტატიანების ხელფასები იზრდება 5%-ით. ეს ყოველივე დასტურია იმისა, რომ შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე შტატიანების, რაც შეიძლება ნეპოტიზმითა და პოლიტიკური კორუფციით იყოს გამოწვეული. 2022 წელს 2013 წელთან შედარებით შტატგარეშე დასაქმებულთა ხელფასები 348 მილიონი ლარითაა გაზრდილი, 2015 წელთან და 2018 წელთან შედარებით კი, შესაბამისად 284 მილიონი ლარით და 221 მილიონი ლარით”, – აღნიშნავენ ოპოზიციონერი დეპუტატები.

„ევროოპტიმისტების“ განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტში, რომელიც პარლამენტში ყოველწლიურად იხილება, შტატგარეშე დასაქმებულების შრომის ანაზღაურების მოცულობა არ არის ცალკე გამოყოფილი, იგი დაფარულია და ეს თანხები გაერთიანებულია საქონლისა და მომსახურების მუხლში.

„ასეთი მდგომარეობა არ იძლევა კანონპროექტის ობიექტურად განხილვის შესაძლებლობას. აღნიშნული სახის შრომის ანაზღაურება გამჟღავნებულია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში, ანუ ხელმისაწვდომია„პოსტ ფაქტუმ“.

დასაქმებულთა დაკომპლექტება ხდება პრინციპით: „ცოტ-ცოტა და ყველას”. სხვაობა შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასების დონეში არის 46 პროცენტი. რაც შეიძლება მეტის დასაქმება მცირე ანაზღაურებით პოლიტიკური მოტივითაცაა განპირობებული. ასეთი მიდგომა ორიენტირებულია არა შესასრულებელი სამუშაოს ხარისხზე და რესურსების ეფექტიანად გამოყენებაზე, არამედ მმართველ პარტიასთან პოლიტიკურად დაკავშირებული აქტივისტების დასაქმებაზე, რომლებიც საარჩევნო პერიოდში მოგვევლინებიან, როგორც პარტიის აგიტატორები. განსაკუთრებით თვალშისაცემია ეს მუნიციპალურ სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში.

სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში 2022 წელს შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა 2016 წელთან შედარებით გაზრდილია 18 470-ით, ხოლო შტატიანების კი შემცირებულია. საყურადღებოა 2022 წელი, ვინაიდან სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში წინა წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, მნიშვნელოვნად, 9 969 ადამიანით, აქედან 7 745-ით გაიზარდა შტატგარეშეები და 2 224 – ით შტატიანები.

შტატგარეშე დასაქმებული პირები, არიან მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი მოსამსახურეები, რომლებიც საარჩევნო პროცესში დიდ როლს თამაშობენ და სამწუხაროდ მათ, ჩვენივე გადახდილი გადასახადებით ვაფინანსებთ.

მნიშვნელოვნად განსხვავებულია შრომის ანაზღაურების ოდენობა სხვადასხვა უწყებებში მსგავს პოზიციებზე (ერთი და იგივე ხასიათის სამუშაოებზე) დასაქმებულთა შორის. უფრო მეტიც, ანალოგიური მდგომარეობა შეიმჩნევა ერთი უწყების შიგნითაც კი. ეს განპირობებულია ნეპოტიზმით და ამათუ იმ უწყების ,,პოლიტიკური გავლენით“, რაც საბოლოო ჯამში იწვევს საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურად გამოყენებას. ერთიანი სტანდარტის არარსებობა არ იძლევა შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სამართლიანად დარეგულირების შესაძლებლობას.

უნდობლობის განცდას და რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის შტატგარეშე მოსამსახურის სამსახურში მიღების გამარტივებული და გაუმჭვირვალე კონკურსის წესი, სადაც გადამწყვეტია გასაუბრების საფუძველზე უფლებამოსილი პირის თანხმობა.

შტატგარეშე მოსამსახურეთა დასაქმების საჭიროება ბუნდოვანია და ხელშეკრულებებში არც მათი ფუნქცია-მოვალეობაა დეტალურად გაწერილი.
ვინაიდან საჯარო სამსახური განიცდის მთავრობისა და მმართველი პარტიის ზეგავლენას, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქვეყნისთვის. რაც უფრო მძიმეა ბიუროკრატიული ტვირთი, მით უფრო მეტი ფული იფლანგება ბიუჯეტიდან. ამიტომ, აუცილებელია ბიუროკრატიული აპარატის იმ ზომით არსებობა, რომელიც საკმარისი იქნება სახელმწიფოს მიზნების ეფექტიანი განხორციელებისთვის”, – აცხადებენ „ევროოპტიმისტები“.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი მედვედევის მორიგი მუქარა დასავლეთს
შემდეგი სტატიამიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიაზე:თან უნდა თქვან, რომ სააკაშვილი არ ვარგა, და თან უნდა თქვან, რომ უყვართ სააკაშვილი