დასაქმებულები გაათავისუფლეს შსს-დან, სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან… – ომბუდსმენი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებებზე

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 62 დასაქმებულის მიმართ განხორციელდა სხვადასხვა სახის ზეწოლა – საუბარია წინასაარჩევნო პროცესში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ამ პირთა უმეტესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან დაადასტურა ზეწოლის და გათავისუფლების ფაქტები და მიზეზად ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა.

„დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან.

მოქალაქეები ადასტურებენ, რომ ზემდგომი პირები მათ სთხოვდნენ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას, რასაც ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი არა, რის შემდგომაც ისინი სხვა საფუძვლებით გაათავისუფლეს. ზოგიერთის წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური წარმოება.

მოცემულ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის – პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის ნიშნები. სახალხო დამცველმა 2021 წლის 31 აგვისტოს 34 პირთან დაკავშირებული საქმეები შესწავლისა და რეაგირების მიზნით მიაწოდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ვინაიდან მსგავსი ფაქტების შესახებ აპარატში ყოველდღიურ რეჟიმში შემოდის განცხადებები და შეტყობინებები, გათავისუფლებულ პირებთან კომუნიკაციის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად, დამატებით მიაწვდის მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს და მიადევნებს თვალს მათზე განხორციელებულ რეაგირებას, ასევე შეისწავლის ინდივიდუალურ საქმეებს შესაძლო დისკრიმინაციისა და შრომის უფლების დარღვევის კუთხით.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ დაუშვებელია ადამიანთა დევნა მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მოსაზრებების გამო, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლება“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წინა სტატიაშიკულტურისა და სპორტის სამინისტრო – ბათუმში გასამართი საფეხბურთო მატჩი არანაირად არ უკავშირდება კოსოვოს
შემდეგი სტატიადღეიდან ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ბათუმშიც ივლიან