დასაქმების სააგენტო – მუდმივ კომუნიკაციაში ვართ გერმანიაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებთან, დაწყებულია ხარვეზების გამოსწორება, რომელიც მათ ადგილზე დახვდათ

ჩვენ მუდმივად კომუნიკაციაში ვართ საქართველოს მოქალაქეებთან, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე დამსაქმებელი არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, აუცილებლად მოხდება პროცესებში ჩართვა და ამ პროცესების მართვა, – ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნინო ველთაურმა აღნიშნა, გერმანიასა და საქართველოს შორის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სეზონურ დასაქმებას გულისხმობს, გერმანიის ფედერაციაში, გაფორმებულია ორ უწყებას შორის და მასში გათვალისწინებული არის შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვა.

„ამ დროისთვის გერმანიის ფედერაციაში ოთხი ჯგუფია გაგზავნილი. ჩვენ თითოეულ მათგანთან ვართ ხაზზე. როდესაც შემოვიდა პირველივე შეტყობინება ამ ჯგუფიდან, რომ ისინი წუხდნენ სამუშაო პირობებზე, რომელიც იქ დახვდათ და ადგილი აქვს დამსაქმებლის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვნად შესრულებას, ჩვენ იმ დღიდანვე ვართ კომუნიკაციაში გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოსთან, რომელმაც თავის მხრივ, პროცესში ჩართო შესაბამისი გერმანული სახელმწიფო უწყებები, რათა დამსაქმებელს დაეწყო იმ ვალდებულებების შესრულება, რაც მას აქვს აღებული ხელშეკრულებით. ამ სამუშაო პირობების გამოსწორება უკვე დაწყებულია. საუბარია, რომ დამსაქმებელმა ჯეროვნად არ შეასრულა ის ვალდებულებები, რომელიც იდო შრომით ხელშეკრულებაში. ყველგან შეიძლება აღმოჩნდეს არაკეთილსინდისიერი დამსაქმებელი. თუმცა კარგი არის ის, რომ ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს მექანიზმებს ასეთი ვითარების მართვისთვის. ეს მექანიზმები ამოქმედებულია და ხარვეზები, რაც ჩვენს მოქალაქეებს ადგილზე დახვდათ, მათი გამოსწორება არის დაწყებული“, – განაცხადა ველთაურმა.

მისივე თქმით, გერმანიის ფედერალურ შრომის სააგენტოში არის შესაბამისი უწყება, რომელიც შრომის პირობების მონიტორინგს აკეთებს.

„არის შესაბამისი უწყება, რომელიც შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვაზე ზრუნავს. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ საქართველოს მოქალაქეებთან. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე დამსაქმებელი არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, აუცილებლად მოხდება პროცესებში ჩართვა და ამ პროცესების მართვა.

10 მაისს ჩვენთან კომუნიკაციაზე გამოვიდნენ ჩვენი მოქალაქეები. მოგვწერეს თავიანთი წუხილების შესახებ და იმავე დღეს ჩვენ შესაბამისი კომუნიკაცია მოვახდინეთ გერმანიის მხარესთან და იმავე დღეს გერმანიის მხარემ ჩართო დამატებითი უწყებები პრობლემის მოგვარებისთვის. დამსაქმებელმა დაიწყო პირობების გაუმჯობესება. ჩვენმა მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, რომ დამსაქმებელმა დაიწყო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, შეცვალა გარკვეული ტექნიკა. ჩვენ ამ დინამიკას დავაკვირდებით. თუ დამსაქმებელი ბოლომდე ჯეროვნად არ შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ჩვენ მოქალაქეებს აუცილებლად გადავანაცვლებთ სხვა დამსაქმებელთან. აუცილებლად მოხდება ნამუშევარი საათების ანაზღაურებაც, იმ შემთხვევაში თუ ისინი გადავლენ სხვა დამსაქმებლებთან. ჩვენ მხოლოდ ეს ბოლოს გამგზავრებული ჯგუფი დაგვიკავშირდა. წინა სამ ჯგუფს მსგავსი პრობლემა არ შექმნიათ. ჩვენ მათთანაც მუდმივ კომუნიკაციაში ვართ“, – განაცხადა ველთაურმა.

banner
წინა სტატიაშისუს-ი – საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე: „სინოვაკის“ ვაქცინა ბაზარზე არსებულ სხვა ვაქცინებს არაფრით ჩამოუვარდება