“დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ ჭამს, ისევე, როგორც, აღარ ყლაპავს, უკვე 4 ოქტომბრის ღობის გადატრიალებას” – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ალეკო ელისაშვილის მიერ ტერორიზმის მცდელობას.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მან პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრები უკვე ნახა და ფიქრობს, რომ ეს წინასწარ დადგმული სპექტაკლია.
“თაიმერი” პატიმრობაში მყოფი მეხუთე პრეზიდენტის “ფეისბუკ-პოსტს” უცვლელად გთავაზობთ:
ვიღაცას შეიძლება მართლა არ ასვენებს რეიხსტაგის გადამწველი ვან დერ ლიუბეს აჩრდილი. მაშინ ნაცისტებმა დადგეს სპექტაკლი, შეიტყუეს ჰოლანდიელი კომუნისტი ვან დერ ლიუბი დაცვისგან მთლიანად დაცლილ რეიხსტაგში და საშუალება მისცეს შეუფერხებლად გაეჩინა ცეცხლი. შემდეგ კი ტერორიზმის ბრალდებით დააპატიმრეს უამრავი ოპონენტი, მათ შორის გიორგი დიმიტროვი, ააგორეს რეპრესიების დიდი ტალღა. აქაც იგივე სპექტაკლის სუნი მცემს.
დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სხვაგან მსგავს სიტუაციებში, რეჟიმებს ჰყავთ საპროტესტო მოძრაობაში შემოგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ნებისმიერ საქმეზე არიან წამსვლელი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უტყუარი მტკიცებულებების გარეშე ხელაღებით ვერავის დავადებ ხელს. ასევე შესაძლებელია რომ ვიღაც სპეციალურად ყურზე აჯდეს ადამიანს და უბიძგებდეს კონკრეტული საქციელისკენ, ესეც სპეცსამსახურების ძალიან გავრცელებული მეთოდია.
კადრები ვნახე და რა ვქნა, ძალიან ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, სადაც ყველას თავისი როლი აქვს. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ ჭამს. ისევე როგორც, აღარ ყლაპავს, უკვე 4 ოქტომბრის ღობის გადატრიალებას.
ადრე თუ გვიან ყველაფერი გაირკვევა და ამასობაში ბრძოლას ვაგრძელებთ, ფართოდ ვშლით და ვამძაფრებთ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
















