ამალი-დევდორაკის ხეობაში საფრთხის ზონაში აღარავინ იმყოფება

ამალი-დევდორაკის ხეობაში საფრთხის ზონაში აღარავინ იმყოფება

xeobaამალი-დევდორაკის ხეობიდან მოქალაქეების გამოყვანა დილიდან ვერტმფრენების საშუალებით დაიწყება. 60-მდე ადამიანი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

ხეობაში უკვე იმყოფებოდნენ საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ხეობაში სტიქიური მოვლენების გააქტიურების  საფრთხე აღარ არსებობს, თუმცა ცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 134-კმ -135კმ მონაკვეთზე, საშიშ ზონაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეჟიმის დაწესება, ამალი-დევდორაკის ხეობაში უხვი ნალექის შედეგად ღვარცოფული ნაკადის წარმოქმნამ განაპირობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც ხეობაში მუდმივ დაკვირვებას აწარმოებს, ოპერატიულად აცნობა შესაბამის ორგანოებს, რის შემდეგაც საავტომობილო გზა დაუყოვნებლივ ჩაიკეტა.

„დევდორაკიდან“ მიღებული ზვავსაშიშროების განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ, განხორციელდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ თანამშრომელთა ევაკუაცია.

ამჟამად, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების, ასევე ფიზიკური პირების გადაადგილება შეჩერებულია.

 

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურს. პროცესებზე დაკვირვება გრძელდება, რაშიც ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება – რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და აღნიშნული სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საბაჟოსთან გზის ნაწილი წყალმა წაიღო, რის გამოც გადაადგილება შეზღუდულია. „ძლიერმა წვიმამ გასულ წელს დევდორაკიდან ჩამოტანილი ძველი მასა გაააქტიურა. პროცესი საღამოს, 16.25 საათზე დაიწყო. ხვალ დილიდან ტერიტორიის დათვალიერება მოხდება და ფართომასშტაბიანი გაწმენდითი სამუშოები დაიწყება“, – განაცხადა მურღულიამ.
მისივე თქმით, სტიქიის ზონის მეორე მხარეს დარჩა დარიალის ხეობაში არსებული მონასტერი, რომელსაც საფრთხე ასევე არ ემუქრება.

 

banner
წინა სტატიაშიბრინატეთში რეფერენდუმი დასრულდა
შემდეგი სტატიაკემერონმა მომხრეებს მადლობა გადაუხადა