დარგალი: ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობა“ შულავერში გეგმავს გზის გადაკეტვას მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნით

მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა, ზაურ დარგალმა „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისში საგანგებო განცხადება გააკეთა. ზაურ დარგალის ინფორმაციით, მარნეულში ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები.

პარლამენტის წევრი ამბობს, რომ შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნით აქციასა და საავტომობილო გზის გადაკეტვას გეგმავს. „ქართული ოცნების“ წევრები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ აყვნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს და არ გადაკეტონ ცენტრალური მაგისტრალი, რადგან ქმედებამ შესაძლოა, მოსახლეობაში დაპირისპირების მიზეზი გახდეს. ასევე, დარგალმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მსგავს ქმედებას ექნება ადგილი, სამართალდამცავები მიიღებენ ადეკვატურ ზომებს.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში გეგმავს აქციას, გზის გადაკეტვას მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნით. ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წინასაარჩევნოდ დაგეგმილი დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების გაგრძელება“, – განაცხადა დარგალმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ოფისში ზაურ დარგალის განცხადებას უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ინფორმაცია თითქოს „ნაცმოძრაობა“ გეგმავს აქციის ორგანიზებას სიმართლეს არ შეესაბამება. ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი მუმლაძის განმარტებით, თუ მოსახლეობა საკუთარი აზრის დაფიქსირებას და რაიმე ფორმით პროტესტის გამოხატვას გადაწყვეტს, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა და ხელი არ უნდა შეუშალონ.

„არანაირი აქციის ჩატარებას არ ვგეგმავთ. უფრო მეტიც, ერთ საათში დასავლეთ საქართველოში მივემგზავრები. თუ მოსახლეობა გადაწყვეტს რაიმე ფორმით აზრის დაფიქსირებას, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა“, – აცხადებს გიორგი მუმლაძე.

წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი მომხმარებელს ინოვაციურ იპოთეკურ პროდუქტს – გარანტირებულ შენაძენს სთავაზობს
შემდეგი სტატიასამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს