საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას, მაქსიმალურად ახლოს იყოს იმ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოსთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ხელმძღვანელობს მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
„მინდა, დავაზუსტო, როდესაც ჩვენი პარტნიორები საუბრობენ საგარეო პოლიტიკის თანხვედრაზე, აქ საუბარია, რომ ძალიან დიდი გაერთიანებაა ევროკავშირი, რომელიც აკეთებს განცხადებებს მსოფლიოში მიმდინარე ყველა მოვლენაზე, ომზე თუ უამრავ გამოწვევაზე. შესაბამისად, როდესაც საუბარია საგარეო პოლიტიკის შესაბამისობაზე, ბოლო წლების განმავლობაში და ზოგადად, საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ ავიღებთ, საქართველოს აქვს 87 პროცენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში. რაც შეეხება ევროკავშირის განცხადებებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, დღევანდელი გადმოსახედიდან, თითქმის 50%-ზე ვართ მიერთებული და ეს მომავალშიც გაგრძელდება.
ჩვენ ვხელმძღვანელობთ მხოლოდ ჩვენი ინტერესებიდან, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს არის საკითხი, რომელიც ჩვენ ხშირ შემთხვევაში, გვაძლევს იმის დამატებით განხილვების აუცილებლობას, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან ამ მიმართულებით. მათ იციან ჩვენი განსაკუთრებული ძალისხმევა და საქართველო გააგრძელებს, მაქსიმალურად ახლოს იყოს იმ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან, რომელიც აქვს ევროკავშირს მსოფლიოსთან მიმართებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.