დარჩიაშვილი – დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელის ვიზიტს პროცესებზე შესაბამისი გავლენა ექნება – რეფორმების პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი

დარწმუნებული ვარ, რომ ბორელის ვიზიტს პროცესებზე შესაბამისი გავლენა ექნება – რეფორმების პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მან ჯოზეფ ბორელს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა.

„ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც გვაქვს ჩვენ ორმხრივ ფორმატში ევროკავშირსა და საქართველოს შორის. კიდევ ერთხელ მინდა შევაფასო და ვთქვა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, ისე, დროის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ მას პროცესებზე შესაბამისი გავლენა ექნება, რადგან ჩვენ ძალიან დეტალურად ვესაუბრებით ბატონ ბორელს იმ გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის გაწია და იმისთვის, რომ ჩვენი – ყველას მთავარი მზიანი ასრულდეს და საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ვფიქრობ, რომ მისთვის ძალიან დატვირთული დღე იქნება, მაგრამ ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ მან ხელისუფლების ყველა შტოდან მოისმინოს ის ძირითადი გზავნილები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ემსახურება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მან ასევე ჯოზეფ ბორელის განცხადება შეაფასა, რომ „კანდიდატის სტატუსს დამსახურება სჭირდება და ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი“ და აღნიშნა, რომ ქვეყნის რეფორმირების პროცესი გაგრძელდება.

„რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი. მინდა გითხრათ, რომ არავინ არ არის სრულყოფილი. ყველას აქვს თავისი საშინაო დავალება და მინდა ზოგადად ვთქვა, რომ ეს 12 რეკომენდაცია არის ჩვენი ქვეყნის რეფორმების ამბიციური დღის წესრიგის ნაწილი. ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში არ ვამთავრებთ რეფორმების პროცესს. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. შესაბამისად, ეს არის პროცესი, რომელშიც მთლიანად იმყოფება ხელისუფლება, მმართველი გუნდი. გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის რეფორმირებას, რადგან ეს პირველ რიგში, ემსახურება მთავარ მიზანს – უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ და უკეთეს გარემოში იცხოვროს ჩვენმა ხალხმა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი პარლამენტში შეხვედრას მართავს
შემდეგი სტატიაუკრაინის გენშტაბი – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან და რობოტინოსთან წარმატებას მიაღწიეს