თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დღეს ოპოზიციონერ ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს, ხმაური იყო. მოსამართლე გიორგი გელაშვილი ბრალდებულს სხდომათა დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.
სხდომაზე საბოლოო სიტყვით გამოსვლისას, ალეკო ელისაშვილმა ყურადღება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე გაამახვილა.
„ციხეშიც მითხრეს, რა კარგად იბრძვიან ადვოკატებიო. მაგრამ ვიცით, რომ ამაო ბრძოლაა, წინასწარ გადაწყვეტილია ყველაფერი. კობახიძემ წინასწარ შეახსენა სასამართლოს, ტერორისტიაო“, — განაცხადა ელისაშვილმა.
ტელეკომპანია „პირველების“ კორესპონდენტის ინფორმაციით, პრემიერის ხსენების შემდეგ მოსამართლემ ბრალდებულს სიტყვა შეაწყვეტინა, მხოლოდ საქმის ირგვლივ საუბარი მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დარბაზიდან გააძევებდა.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი ორ სხვადასხვა ეპიზოდზე, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს (აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა ან იარაღის გამოყენება ტერორისტული მიზნით).
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.















