დაპირისპირება კრიმინალებს შორის

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1985 წელს დაბადებული გ.ა. ფოთში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 მარტს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი პირი: 1989 წელს დაბადებული ი.გ. 1990 წელს დაბადებული ბ.ნ. და 1982 წელს დაბადებული მ.პ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19 – 109 მუხლის მე-3 ნაწილით და 236 -ე მუხლის მე-3 ნაწილით. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“თაიმერისთვის“ ცნობილი გახდა მომხდარი ფაქტის დეტალები. წყაროს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდში მცხოვრებმა კრიმინალური წარსულის მქონე პირებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სცემეს ბათუმის მკვიდრი. მიზეზი ე. წ “ობშიაკისთვის“ შეგროვილ ფულს შეეხებოდა. ეს უკანასკნელი თანაქალაქელებს დაუკავშირდა, რომლებიც ბათუმიდან ზუგდიდში საქმის გასარჩევად ჩავიდნენ. შეხვედრა სოფელ რუხის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგა. ბათუმელები ერთი მანქანით იყვნენ ჩასულნი, ზუგდიდელები კი – ოთხით. სროლა საუბრის დაწყებამდე მოხდა. ზუგდიდელების მიერ ნაცემმა ბათუმელმა მანქანიდან გადმოსვლისთანავე გახსნა ცეცხლი, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა. დაჭრილთაგან ორი ზუგდიდელია, ერთი კი – ქალაქ ხობი მცხოვრების, რომელიც ბათუმელებს მოჰყვებოდა. როგორც „თაიმერის“ წყარო აცხადებს, ამ ჩხუბში მონაწილეობდა „ქალაქის მაყურებელი“, ვინმე ხარებავა.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანის მოქალაქემ 5 წლის გოგონა მოკლა
შემდეგი სტატიასენაკში, გაუმართავმა დანადგარმა ადამიანი იმსხვერპლა