დაპირისპირება ბოკუჩავასა და წულუკიანს შორის – ოპოზიციონერი დეპუტატი მინისტრს ტყუილში ადანაშაულებს

„ისე როგორც ის იტყუება ჰააგაზე, „რუსთავი 2″-ზე და ძალიან ბევრ სხვა საკითხზე, მან საპარლამენტო ტრიბუნიდან ასევე მოიტყუა იმ საუბრის შინაარსზე, რაც ჩვენ გვქონდა,“ – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ იუსტიციის მინისტრის მისამართით გააკეთა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეა წულუკიანი ტყუილში იმ კომენტარის გამო დაადანაშაულა, რომელიც მათ შორის კულუარებში შედგა.

წულუკიანი ამბობდა, რომ მასსა და ბოკუჩავას შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, თუ ის გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოასწორებდა, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი მასზე გენედერული ნიშნით უარყოფით კომენტარს გააკეთებს, ბოკუჩავა მას დაიცავს.

თინათინ ბოკუჩავა კი მინისტრისგან განსხვავებულ ინფორმაციას ასაჯაროებს. დეპუტატის თქმით, მას თეა წულუკიანმა სთხოვა, რომ თუ მისი, როგორც ქალი პოლიტიკოსის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება გაკეთდებოდა, მას წულუკიანი დაეცვა.

„მან მე მითხრა, რომ დღეს ის აღიარებდა, რომ ჩემ მიმართ გააკეთა არასწორი განცხადება და მთხოვა, რომ ამ აღიარების შემდეგ მე დამეცვა ის, როგორც ქალი პოლიტიკოსი, თუ მის მიმართ გაკეთდებოდა, როგორც ქალი პოლიტიკოსის მიმართ გენდერულად ასევე შეურაცხმყოფელი განცხადება. მზად ვარ, თუ თეა წულუკიანს, როგორც ქალს ნებისმიერი ლიდერი, ნებისმიერი პოლიტიკური კუთვნილებისა, მიაყენებს შეურაცხყოფას, მზად ვარ, დავიცვა. მაგრამ საწუხაროდ, მას ვერ დავიცავ, როდესაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო განიხილავს მის თანამონაწილეობას ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ბინძურ და დანაშაულებრივ საქმეებში,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ბოკუჩავასა და წულუკიანს შორის ურთიერთბრალდებები გუშინ იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას მოჰყვა, როდესაც წულუკიანმა აღნიშნა, რომ თინა ბოკუჩავა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია.

banner
წინა სტატიაშიიქმნება არასწორი საზოგადოებრივი აზრი, რომ ანაკლიის პორტის საკითხი უკავშირდება კონსორციუმის ცალკეული დამფუძნებლების მიმართ გაჩენილ კითხვას
შემდეგი სტატიასოციალური მუშაკები 25 მარტიდან გაიფიცებიან