დაპირისპირება აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელსა და სუს-ს შორის და კავშირი ბათუმში მომხდარ არეულობასთან

გუშინ ბათუმში დაწყებული საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნა დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება იყო, მოგვიანებით ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციაზე სპეცრაზმის მცირეხნიანმა გამოჩენამ სიტუაცია უფრო დაძაბა და ახალი საპროტესტო კერა გააჩინა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარის საპატრულო პოლიციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დაპირისპირება არსებობდა. ამის მიზეზი კი, გიორგი კირთაძის თქმით, სუს-ის მაღალჩინოსნის ახლობლის დაკავება იყო. ის აცხადებს, რომ მოგვიანებით ეს დაპირისპირება უფრო მასშტაბური გახდა და სუს-მა გადაწყვიტა „სამაგალითოდ დაესაჯა“ აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი.

„სუს-ს ჰქონდა დაპირისპირება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელთან, მან გადაწყვიტა, რომ ის უნდა მოეშორებინა თავისი ხელქვეითების დახმარებით, ამ შემთხვევაში, ღოღობერიძის დახმარებით, ოღონდ შემდეგ უკვე სიტუაცია ვეღარ მართეს და მიიყვანეს იმ დონემდე, რა დონემდეც მიიყვანეს,“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ბათუმში საპატრულო პოლიციის, კერძოდ კი უფროსის, კახა ბუხრაძის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო ტალღა 9 მარტს, უფლებადამცველისა და აქტივისტის, მერაბ ღოღობერიძის ორგანიზებით დაიწყო. სწორედ ის ავრცელებდა სოციალური ქსელის საშუალებით ინფორმაციას აჭარის საპატრულო პოლიციის მხრიდან მოსახლეობისადმი შეურაცხყოფების მიყენების თაობაზე, თუმცა ამ ფაქტების დამამტკიცებელი მასალა დღემდე არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ მერაბ ღოღობერიძეს, სხვადასხვა პოლიტიკურ წრეში იცნობენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებების შემსრულებელს. ის რამდენჯერმე გასამართლებულა ნაციონალური მოძრაობის პირების მიმართ, ფეხსაცმლისა და თუ კვერცხების სროლის გამო, თუმცა თავად ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ის ხელისუფლების მანკიერ მხარეებსაც ყოველთვის ავლენს და სუს-ის დავალებების შესრულების თაობაზე ინფორმაციას უარყოფს.

წყარო:” რუსთავი2″

banner
წინა სტატიაშიაჭარის ჯანდაცვის მინისტრი: ყველა პაციენტი გაწერილია, კლინიკაში მხოლოდ ერთი მამაკაცი რჩება
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: „„ქვეყანას მიხედეთ, ქვეყნის ,,მოყვარულო“ ხელისუფლებავ და ქვეყნის ,,მოძულე“ ოპოზიციავ!“