კახეთის რეგიონში, სოფელ შილდაში 48 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ნოდარ ასაბაშვილს დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით, პოლიციამ მოკლულის კარის მეზობელი, 51 წლის ლევან ჩიტაშვილი დააკავა.
პირველადი ცნობებით და ადგილობრივების განცხადებებით ირკვევა, რომ მოკლული და ბრალდებული ერთად მუშაობდნენ და ბოლო პერიოდში დამეგობრდნენ. მათ შორის დაპირისპირება ახალი წლის ღამეს დაიწყო. მაშინ, როდესაც ასაბაშვილი ჩიტაშვილთან მეკვლედ იმყოფებოდა. არსებული ვერსიით, კონფლიქტის ძირითადი მიზეზი ქალზე ეჭვიანობა და ამ ფაქტის გარშემო განვითარებული პროცესები გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 12 წლამდე ითვალისწინებს.


















