უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ევგენი პრიგოჟინის ამბოხს ვლადიმერ პუტინის სისტემის დემონტაჟის პირველ ეტაპს უწოდებს. ამის შესახებ დანილოვი სოციალურ წსელში წერს.
“რუსეთში ჩამოყალიბდა უკმაყოფილო ადამიანთა ჯგუფი – ძალოვნები, თანამდებობის პირები და ოლიგარქიული კაპიტალი, რომლებიც პუტინის ქმედებებს საკუთარი ინტერესებისა და არსებობისთვის სასიკვდილოდ საშიშად მიიჩნევენ, რუსეთისთვის კი – საფრთხედ”, – წერს დანილოვი სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, “პუტინს გადარჩენის ერთადერთი შანსი დარჩა – ძალაუფლების ვერტიკალის ტოტალური წმენდა, ვაგნერის დაჯგუფების ფიზიკური ლიკვიდაცია, პრიგოჟინის სამაგალითო დასჯა, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღება და მასობრივი რეპრესიების დაწყება”.
“საკითხავია, შეუძლია თუ არა ამ ფუნქციების შესრულება ზოლოტოვ-ბორტნიკოვის სახელობის სადამსჯელო მანქანას, რომელიც ორიენტირებულია ჰიპსტერების, ქალებისა და მოზარდების ცემაზე”, – წერს დანილოვი.
დანილოვი წერს, რომ პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ შესაძლოა, პროცესები არაპროგნოზირებად შედეგებამდე მივიდეს. “ათვლა დაიწყო. ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ… 1991 წლის ბოლომდე”, – წერს დანილოვი.