მოვითხოვთ დანიელ შერვაშიძის გარდაცვალების საქმის სრულ და ობიექტურ გამოძიებას,- ამის შესახებ განცხადებას, დანიელ შერვაშიძის ოჯახი ავრცელებს.
,,ვითხოვთ მისი გარდაცვალების საქმის სრულყოფილ, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას.
დანიელ შერვაშიძე 22 ივლისს გაუჩინარდა, ხოლო მოგვიანებით მისი ცხედარი იპოვეს. გაუჩინარებამდე მისი მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე — ის იყო შეშინებული, ჩაფიქრებული, არ ჭამდა და მისი ქცევა აშკარად შეცვლილი იყო. ოჯახს აქვს ეჭვი, რომ შესაძლოა მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა სამხედრო სამსახურთან ან სამხედრო დაწესებულებასთან დაკავშირებული გარემოებების გამო და ვითხოვთ, რომ ეს მიმართულებაც სრულად იქნას გამოძიებული.
ჩვენ უკმაყოფილო ვართ გამოძიების მიმდინარეობით, რადგან ვგრძნობთ, რომ პოლიცია სათანადოდ არ გვეხმარება და ოჯახს არ მიეწოდება საკმარისი ინფორმაცია საქმის დეტალებზე. ჩვენ ვითხოვთ პასუხებს და სამართლიან დამოკიდებულებას.
ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ცხედრის ექსპერტიზის შემდეგ ოჯახმა მიიღო ცხედარი მძიმე და არასათანადო მდგომარეობაში, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ჩვენი ტკივილი და გააჩინა დამატებითი კითხვები. ვითხოვთ განმარტებას, როგორ და რა პირობებში ჩატარდა ექსპერტიზა და რატომ მოხდა ცხედრის ასეთ მდგომარეობაში გადმოცემა ოჯახისთვის.
ჩვენ არ ვითხოვთ არაფერს გარდა სიმართლისა. ვითხოვთ, რომ ყველა გარემოება სრულად იქნას შესწავლილი, პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ და დანიელ შერვაშიძის ოჯახმა მიიღოს პასუხები. მივმართავთ ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს და ყველა ადამიანს, ვისაც შეუძლია დახმარება – გთხოვთ, დაგვეხმარეთ, რომ ეს საქმე არ დარჩეს უპასუხოდ”, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გარდაცვლილი სამხედროს, დანიელ შერვაშიძის ოჯახი მთავარს აწვდის.
ზუგდიდში გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი გუშინ იპოვეს – ახალგაზრდა კაცს 21 ივლისიდან ეძებდნენ. ახლობლების ინფორმაციით, ის ქუთაისში გამგზავრებას აპირებდა.
შერვაშიძე ათმეთაური იყო და წვევამდელების მომზადებაში მონაწილეობდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.















