დანაშაულის დაფარვის, შეუტყობინებლობის, ჩვენებაზე უარისა და ცრუ ჩვენებისთვის სასჯელები მკაცრდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მკაცრდება სასჯელები დანაშაულის დაფარვის, დანაშაულის შეუტყობინებლობის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცვლილების აუცილებლობა საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობის კუთხით პრაქტიკაში არსებულმა პრობლემებმა და ზემოაღნიშნულ დანაშაულებზე შეუსაბამო სასჯელების არსებობამ განაპირობა.

„ცვლილების აუცილებლობა განაპირობა საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობის კუთხით პრაქტიკაში არსებულმა პრობლემებმა და ზემოაღნიშნულ დანაშაულებზე, ქმედების ხასიათთან სასჯელების შეუსაბამობამ.

დღეს მოქმედი კანონით, ყველა კატეგორიის (ნაკლებად მძიმე, მძიმე, განსაკუთრებით მძიმე) დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობისთვის ერთი და იგივე სანქციაა გათვალისწინებული, რაც აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას არაეფექტიანს ხდის. მოქმედი რედაქციის მიხედვით, როგორც ნაკლებად მძიმე, ასევე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია და ისჯება: დაფარვა – 1-დან 3 წლამდე და შეუტყობინებლობა – 2-დან 4 წლამდე.

საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ერთმანეთისგან იმიჯნება ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა და მათი სოციალური საშიშროების მიხედვით, შესაბამისი სანქციები წესდება. შედარებით მკაცრად დაისჯება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა.

დღეს არსებული რედაქციისგან განსხვავებით, ცვლილების შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა მძიმე კატეგორიის დანაშაული იქნება, რომლის ჩამდენი პირების მიმართ ვერ იქნება გამოყენებული პირობითი მსჯავრი.

სანქციები იზრდება, ასევე ცრუ ჩვენების მიცემისა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის. ცრუ ჩვენების კუთხით, პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულ შემადგენლობაზე (ანგარება ან სხვა პირადი მოტივი) სანქციის ზედა ზღვარი იზრდება ორი წლით, რითაც აღნიშნული დანაშაული მძიმე კატეგორიის დანაშაულად იქცა, რომლის ჩამდენი პირის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული პირობითი მსჯავრი.

ასევე ორი წლით იზრდება სანქციის ზედა ზღვარი ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის, რითაც დანაშაული მძიმე კატეგორიის დანაშაულად იქცევა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიავსტრიამ უარი თქვა რუსი დიპლომატების გაძევებაზე
შემდეგი სტატიასაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრხელიძემ თანამდებობა დატოვა