დანაშაული თუ დადგმა – რა არის ცნობილი დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე

ქიმიური იარაღის აკრძავლის ორგანიზაცია (OPSW) გუშინ სირიაში, ქალაქ დუმაში ჩავიდა, საიდანაც რამდენიმე დღის წინ ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც, თითქოსდა 7 აპრილს მოხდა. ინფორმაცია დღემდე დავის საგანია.
სირიის ოპოზიციის აქტივისტები, მედიცინის მუშაკები და მაშველები ამტკიცებენ, რომ 7 აპრილს მომხდარი ქიმიური შეტევის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური დამასკო ირწმუნება, რომ აღმოსავლეთ გუტაში ქიმიური შეტევის შესახებ ინფორმაცია არასწორია. იგივე აზრზეა რუსეთი, რომელიც სირიაში სამხედრო ოპერაციას აწარმოებს.

აშშ-მ სირიის სამთავრობო ძალებს დასდო ბრალი მომხდარის გამო, ამიტომ 14 აპრილს საპასუხოდ თავის მოკავშირეებთან ერთად წერტილოვანი დარტყმები განახორციელა სირიის ტერიტორიაზე.

საქველმოქმედო ორგანიზაციამ “თეთრი ჩაფხუტები” ინტერნეტში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც, ირწმუნებიან, რომ ქიმიური შეტევის შედეგებია გადაღებული: მიწაზე მწოლიარე ბავშვები ჟანგბადის ნიღებებში და ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს რეზინის მილებიდან წყალს ასხამენ.
რუსულმა მედიამ, ვიდეო გამოქვეყნებისთანავე შეაფასა როგორც დადგმული. გუშინ, სამშაბათს ბრიტანულმა Independent-მა სხვა ვერსია წამოაყენა: ვიდეო, სავარაუდოდ, სინამდვილეა, თუმცა, მასზე აღბეჭდილია არა ქიმიური შეტევის შედეგები.

რობერტ ფისკის სტატიაში სირიელი ექიმია ციტირებული, რომელიც ქალაქ დუმაში ცხოვრობს და რომელიც ირწმუნება, რომ სინამდვილეში ვიდეოში ხალხი ჟანგბადის უკმარისობით იტანჯება, რადგანაც მტვრისგან იხუთებიან, რომელიც ქალაქის დაბომბვის შემდეგ დადგა.

ქიმიური იარაღის აკრძავლის ორგანიზაციას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია დუმასთან დაკავშირებით და ამას თანამშრომლების უსაფრთხოების ზომად ხსნის. მანამდე კი საფრანგეთი ირწმუნებოდა, რომ რუსეთი და სირია ადგილზე ქიმიური იარაღის აკრძავლის ორგანიზაციის მუშაობას ხელს უშლიან. საპასუხოდ, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ინსპექტირებაში. მან დაადასტურა, რომ სპეციალისტების ქალაქში შეყვანა გართულდა, მაგრამ თქვა, რომ დუმაში ჯერაც არიან ამბოხებული დაჯგუფებები და რომ გაერომ “უსაფრთხოების დამატებით გარანტიებზე” იზრუნა.
“გაურკვეველია, რატომ საუბრობს საფრანგეთი ქიმიური იარაღის აკრძავლის ორგანიზაციის და მათი თანამშრომლების სახელით. თუკი ინსპექტორებს პრობლემები შეექმნათ, თვითონვე გააკეთებდნენ ამაზე განცხადებას” – თქვა ზახაროვამ.

ადრე რუსულმა მხარემ არა ერთხელ გამოხატა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ სირიაში ავიდარტყმა ქიმიური იარაღის აკრძავლის ორგანიზაციის შესვლამდე განახორციელა. რუსული მხარის თქმით, თვითონ დასავლეთმა გაართულა ორგანიზაციის ადგილზე ჩასვლა და მუშაობა.

გუშინ საფრანგეთმა თქვა, რომ შესაძლებელია ადგილიდან გაქრეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომ ამის ალბათობა ძალიან დიდია, ამასთანავე, დეტალებზე არაფერი თქმულა.
აშშ-ს წარმომადგენელმა OPSW-ში კენეტ ვარდმა ეჭვი გამოთქვა, რომ რუსმა სპეციალისტებმა, შესაძლებელია, ქიმიური შეტევის ადგილი მოინახულეს საერთაშორისო ჯგუფის ჩასვლამდე: “შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ რუსებმა, სავარაუდოდ, ფალსიფიცირების მოწყობა შეძლეს, რომ OPSW-ს მისიის ეფექტურ გამოძიებას შეუშალოს ხელი”.

გუშინ რუსმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ დუმაში იპოვეს ლაბორატორია, სადაც, თითქოსდა ბოევიკები ქიმიურ იარაღს აწარმოებდნენ. ასევე, “რასია-24”-ის ეთერში სირიაში რუსეთის წარმომადგენელმა ალექსანდრ როდიონოვმა განაცხადა, რომ რუსმა სპეციალისტებმა დუმაში იპოვეს ნივთიერება, რომელიც ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციაშია მოხსენიებული. “შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლაბორატორიას არაკანონიერი ნივთიერებების შესაქმნელად იყენებდნენ” – თქვა როდიონოვმა.

მასალა მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიაშშ და ჩრდილოეთ კორეა შეხვედრისთვის ემზადებიან
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი – „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული კანონპროექტი კრიმინალურ მენტალიტეტს შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს