„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მთავარი პროკურორი არ იყო საქმის კურსში” – ზაზა სარალიძემ პროკურატურა დატოვა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, გენერალურ პროკურორს შეხვდა. ზაზა სარალიძემ პროკურატურის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

მისი განცხადებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სამშაბათს შეხვედრა შედგება ყველა იმ საქმის პროკურორთან, რომელიც მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს და ასევე მისი შვილის საქმეს იძიებს.

მისივე განცხადებით, შალვა თადუმაძეს საქმის პროკურორები არასწორ ინფორმაციას აწვდიან. სარალიძე ამბობს, რომ გენერალურმა პროკურორმა არ იცის ის პრეტენზიები, რომელიც მას საქმეების წარმოებასთან დაკავშირებით აქვს.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მთავარი პროკურორი არ იყო საქმის კურსში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამშაბათს შევხვდებით იმ პროკურორებთან ერთად ვინც წარმართავს საქმეებს.

თადუმაძემ მითხრა, რომ იმ დეტალებს რაზეც მე პრეტენზია მქონდა შეისწავლის თავად და შემდეგ მასთან ერთად მე დავუსვამ კითხვებს პროკურორებს,”- ამბობს სარალიძე.

სარალიძე და მისი უფლებადამცველები არ აკონკრეტებენ იმ საკითხებს, რომელთან დაკავშირებითაც მათ მთავარ პროკურორთან საუბარი ჰქონდათ.

banner
წინა სტატიაშიუმძიმეს პირობებში მცხოვრები მოსახლეობა – 7 წლიანი ლოდინის შემდეგ ახალი ტენდერი გამოცხადდა
შემდეგი სტატიავლადიმერ ბორცვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა