“დამპალი ლიბერალები მტრების დამქაშები“ – კანდელაკმა პარლამენტის სესიაზე Правда-ს 1936 წლის ნომერი წარადგინა

„დამპალი ლიბერალები მტრების დამქაშები,“ – გაზეთ Правда-ს 1936 წლის ნომერი დღეს პარლამენტში ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა წარადგინა და თქვა, რომ ეს გაზეთი ქართული ოცნების ყველაზე კარგი სიმბოლოა. კანდელაკმა დღევანდელი გამოსვლისას ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან სიტყვა ლიბერალიზმის ამოღების შესახებ ისაუბრა.

“ხელში ჩამივარდა გაზეთი „Правда“ 1936 წლის ნომერი, რომელშიც არის ცნობილი სათაური „დამპალი ლიბერალები მტრების დამქაშები,“ – დიახ აი ეს სათაური და 1936 წლის გაზეთი „Правда“ არის ქართული ოცნების ყველაზე კარგი სიმბოლო,“ – თქვა კანდელაკმა.

კანდელაკის თქმით, ქართულმა ოცნებამ ამ ნაბიჯით ლეგიტიმაცია მისცა საქართველოში რუსულ საინფორმაციო ომს და დაუპირისპირდა ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობას.

“მართლაც მნიშვნელოვანი სიმბოლო იყო, განათლების კანონიდან სიტყვა ლიბერალურის ამოღება, ქართული ოცნების ამ 6-წლიან მოღვაწეობაში. თავი, რომ დავანებოთ იმას, რომ ამ ნაბიჯით თქვენ ლეგიტიმაცია მიეცით, რუსულ საინფორმაციო ომს ჩვენს ქვეყანაში, რომლის ერთერთი მთავარი პოსტულატის თანახმადაც, დასავლური ლიბერალ-დემოკრატიული იდეები წარმოადგენს საფრთხეს და „გადაგვაჯიშებს.“ თქვენ ამ ნაბიჯით დაუპირისპირდით ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობას, რომელიც დიახ, იყო ლიბერალურ-დემოკრატიული იდეების მედროშე ჩვენს ისტორიაში და ჩევნს პოლიტიკურ აზროვნებაში ამ იდეების დამამკვიდრებელი. ამ ნაბიჯმა ძალიან კარგად წარმოაჩინა ქართული ოცნების ფარისევლობა, თან ვითომ აღნიშნავთ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს და თან აგრძელებთ მათ იდეოლოგიურ ხაზს, ვინც უპირისპირდებოდა საქართველოს თავისუფლებას. საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას ვგულისხმობ პირველ რიგში,” – ამბობს კანდელაკი.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტის განათლების კომიტეტმა “ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან სიტყვა “ლიბერალიზმის” ამოღებას მხარი დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატის მტკიცებით, ბოლო ძალადობა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე საგურამოში 2014 წლის 9 მაისს განხორციელდა
შემდეგი სტატიათბილისის საბავშვო ბაღები მცენარეული ცხიმების შემცველი რძის პროდუქტების მარაგდებოდა – შპს ნილი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა