დამოუკიდებელი დეპუტატები მოსამართლეობის კანდიდატების პარალელური მოსმენის მოწყობას აპირებენ

region
ავტ.: region სექტემბერი 26, 2019 14:07

დამოუკიდებელი დეპუტატები მოსამართლეობის კანდიდატების პარალელური მოსმენის მოწყობას აპირებენ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პარალელური მოსმენის მოწყობას აპირებენ. ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განმარტებით, პარალელურ მოსმენას ისინი იწვევენ იმ კანდიდატებს, რომელთაც უზენაესის მოსამართლეობის სურვილი ჰქონდათ, მაგრამ იუსტიციის საბჭომ არ აირჩია.

“დავინახოთ კონტრასტი იმ კანდიდატებს შორის, რომელიც ჩაჭრა იუსტიციის საბჭომ და რომელთაც აუნთო მწვანე შუქი. მე მგონია რომ თუ ამ ადამიანებს ექნებათ სურვული, ჩვენ დავანახებდით პარლამენტს თუ რას ართმევენ ისინი ხელისუფლებას. კვალიფიციური უზენაესის სასამართლოს ნაცვლად გვატენიან ვიღაცის ხელდასმულ მართვად მოსამართლეებს”.

გარდა ამისა, გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების არსებული სიიდან ის არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს.

ქართული ოცნების კიდევ ერთმა ყოფილმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მათ სურთ პარალელური შეხვედრები იურიდიული საკითხთა კომიტეტის მსგავსი ფორმატით წარიმართოს. მისივე თქმით, ამის ტექნიკური და კანონიერი საშუალებაც არსებობს.

“მოვუწოდებ იმ ხალხს, რომელთაც უნდათ რომ აქ იყოს და მოსამართლეობის კანდიდატებს კითხვა დაუსვას, მივცეთ მათ საშუალებას, კომიტეტის თავმჯდომარისგან განსხვავებით, რომ ეს კითხვები დასვან”.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა სია 20-კანდიდატიანი სია 4 სექტემბერს დაამტკიცა. ამ სიაში ხუთი ის მოსამართლეა, რომელიც პარლამენტში აქამდე წარდგენილ 10-კაციან სიაში იყო: გიორგი მიქაუტაძე; ნინო ქადაგიძე; პაატა სილაგაძე; მერაბ გაბინაშვილი; თამარ ალანია. სია პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

2018 წლის დეკემბერში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციან სიას პოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ისე ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში. კრიტიკა ორ ძირითად საკითხს ეხებოდა:

კრიტერიუმებისა და პროცედურების გარეშე შერჩეული 10 კანდიდატი;
ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის გაძლიერების საფრთხე.

უმრავლესობის დეპუტატებმა, მათ შორის ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ, პროტესტის ნიშნად ქართული ოცნებაც დატოვეს. ეკა ბესელია აცხადებდა, რომ 10-კაციანი სიის დამტკიცებას ქართული ოცნება და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ლობირებდა.

იუსტიციის საბჭომ სია პარლამენტიდან გამოითხოვა. ქართულმა ოცნებამ კი უზენაესის მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის პროცედურების კანონპროექტზე დაიწყო მუშაობა. კანონი პარლამენტმა პირველ მაისს დაამტკიცა. სწორედ, აღნიშნულ კრიტერიუმებისა და პროცედურების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს იუსტიციის სამინისტრომ მოსამართლეობის კანდიდატები და შემდგომ, პარლამენტს წარუდგინოს.

ქართული ოცნების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს პარტიიდან წასულმა დეპუტატებმა და საპარლამენტო ოპოზიციამ. ისინი კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას მოითხოვდნენ. მათი პოზიციით, ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და ე.წ. კლანს საშუალება მისცა “უზენაეს სასამართლოშიც გაძლიერებულიყო”.

region
ავტ.: region სექტემბერი 26, 2019 14:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,728
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics