დამენია – ფოთი შეთანხმებაში ამ ეტაპზე არ არის, კანდიდატურა იყო გაურკვეველი, რომელ კანდიდატსაც შეაჯერებს ოპოზიცია საერთო კოორდინაციაში, იმას დაუჭერს მხარს „ევროპული საქართველო“

ჩვენ ფაქტობრივად დავასახელეთ რაიონები, სადაც შევთანხმდით კანდიდატებზე. ფოთი ამ შეთანხმებაში ამ ეტაპზე არ არის, კონსულტაციები მიმდინარეობს, უბრალოდ კანდიდატურა იყო გაურკვეველი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დღეებში მოხდება შეთანხმება და რომელ კანდიდატსაც შეაჯერებს ოპოზიცია საერთო კოორდინაციაში, იმას დაუჭერს მხარს „ევროპული საქართველო“.

„ჩვენ ფაქტობრივად დავასახელეთ რაიონები, სადაც შევთანხმდით კანდიდატებზე, რომლებსაც პირობითად შეთანხმებული კანდიდატები შეიძლება, ვუწოდოთ. ფოთი ამ შეთანხმებაში ამ ეტაპზე არ არის. ეს კონსულტაციები მიმდინარეობს, უბრალოდ კანდიდატურა იყო გაურკვეველი. ამ დღეებში შეთანხმება მოხდება და „ევროპული საქართველო“ ყოველთვის დაუჭერს მხარს იმ საერთო კოორდინაციას, სადაც იქნება ოპოზიციის გამარჯვება და „ქართული ოცნების“ პირწმინდად დამარცხება“, – აღნიშნა ლაშა დამენიამ.

კითხვაზე, „გიგი უგულავაზე არ გაქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, ექნება თუ არა „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერა?“, – დამენიას თქმით, „ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერს ყველა იმ კანდიდატს, ვინც საერთო კოორდინაციაში იქნება.

„კონკრეტულ ადამიანს ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა. „ევროპული საქართველო“ ყველა იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ვინც საერთო კოორდინაციაში იქნება. უბრალოდ ფოთში არარსებული კანდიდატობის გამო, ეს კოორდინაცია ჯერ არ იყო. ამიტომ ამ დღეებში, რადგან უკვე გადაწყდა კანდიდატურის თემა, მოხდება შეთანხმება. ისედაც დარჩენილია რამდენიმე რაიონი, თუ რა სტრატეგიით გავა ამ შეთანხმებული, საერთო კოორდინაციით ოპოზიცია. ამიტომ იქ გადაწყდება უკვე როგორ და რანაირად იმოქმედებს ოპოზიცია“,- განაცხადა ლაშა დამენიამ.

რაც შეეხება იმ კითხვას, „თავად გიგი უგულავას ფაქტორის გამო, „ევროპული საქართველოსთვის“ მხარდაჭერაში არ იქნება უხერხულობა?“, – დამენია პასუხობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, მისი ნომრით რომელ კანდიდატურას დაასახელებს.

„ამ საქმეში არ ჩავერევით და ვერც ჩავერევით. მხარდაჭერის ნაწილში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საერთო კოორდინაციაში ვინც იქნება მოაზრებული, სადაც შეთანხმდება „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „დრო“ა და სხვა ის პარტიები, რომლებიც შემოუერთდებიან ამ კოორდინაციას, ყველა მხარდაჭერილ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, თუ ეს შეთანხმება მოხდება იმ კონკრეტულ რაიონში“, – განაცხადა ლაშა დამენიამ.

ამასთან, კითხვაზე საპასუხოდ დამენია აღნიშნავს, რომ თავად გიგი უგულავას ფაქტორი არ გამორიცხავს შეთანხმებას.

„არც გამორიცხავს და არც პირიქით. თუ შეთანხმება მოხდა ოპოზიციურ პარტიებს შორის კონკრეტულ კანდიდატებზე, საერთო გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ასე დრამატულად ნუ განიხილავთ ნურცერთ თემას. ჩვენი სტრატეგია, არამარტო „ევროპული საქართველოსი“, კოორდინაციაში მყოფი ოთხივე პარტიის და იმ პარტიების, რომლებიც უერთდებიან ამ სტრატეგიას, არის ერთადერთი. იმ კონკრეტულ ადგილას, სადაც იქნება ისეთი კანდიდატი, რომელიც იქნებ გამმარჯვებელი და სადაც „ქართულ ოცნებას“ პირწმინდად დავამარცხებთ, იმ კანდიდატს მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა ლაშა დამენიამ.

კიდევ ერთ კითხვაზე, „თქვენთვის გიგი უგულავა არის ასეთი კანდიდატი, რომელიც ფოთში დაამარცხებს მმართველი გუნდის კანდიდატს?“, – დამენია პასუხობს: „ყველა ის კანდიდატი, რომელზეც შეჩერდება ოპოზიური პარტია, იქნება მძიმე, ნაკლებად მძიმე, თუ საშუალო, ეს იქნება სტრატეგიის ნაწილი, რასაც ჰქვია ოპოზიციის გამარჯვება. რომელ კანდიდატსაც შეაჯერებს ოპოზიცია თავის საერთო კოორდინაციაში, იმ კანდიდატს დავუჭერთ მხარს „ევროპული საქართველო“.

banner
წინა სტატიაშიხელოვნების მუზეუმის ჩამოლაბორანტებული თანამშრომლები წულუკიანის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ
შემდეგი სტატიაბალანჩივაძეების ქუჩაზე გზის კეთილმოწყობა დასრულდა