დამარტყა და შემდეგ იარაღი მომაბჯინა – ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

გასვიანს ორ საათზე მეტია, ბორჯომის პოლიციაში კითხავენ. ჟურნალისტს საავადმყოფოში უკვე ჩაუტარდა პირველადი გამოკვლევები.

ტელეწამყვანის თქმით, მას გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც შეესწრნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები, რომლებიც მანქანის გაჩერების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღის მიბჯენით დაემუქრნენ, რომ მომხდარი არ გაემხილა.

გასვიანის მტკიცებით, ბორჯომის პოლიციის თანამშრომელი, მიხეილ ხუციშვილი, აგრესიულობით გამოირჩეოდა.

შემთხვევა სასტუმრო ბორჯომი კროუნ პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ტელეწამყვანი ადამიანის უფლებათა დაცვის სემინარზე მიდიოდა.

მომხდარ ინციდენტზე შსს-ს ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

„ჯერ დამარტყა და შემდეგ იარაღი მომაბჯინა, სამნი გადმოვიდნენ, ეს იყო პოლიციელი. მეგონა, რომ სამივე პოლიციელი იყო, მაგრამ ახლა აღმოვაჩინე, რომ ორი მოქალაქე ყოფილა. მთვრალები იყვნენ, მითხრა კიდეც, რომ ნასვამი ვარ და პოლიციელი ვარ, დაგიჭერ. სიტყვიერი შეურაცხყოფები საშინელი. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მე აბსოლუტურად დაუცველი ვიყავი. ვერც გავაპროტესტე. რომ ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ და მივდივარ სასტუმროს ვეძებ, მომიტრიალდა ერთ-ერთი და მითხრა, რომ შენ ხვალ, ალბათ, ამბავს ატეხავ და დედას გიტირებთო და უარესად მირტყეს. გაშლილი ხელებით მირტყამდნენ თავში, სახეში, ძალიან მცემეს,“ – განაცხადა გიორგი გასვიანმა.

banner
წინა სტატიაშიმაია რჩეულიშვილის ადვოკატი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს
შემდეგი სტატიადიდთოვლობა აჭარაში – ხულოში თოვლის საფარმა სამ მეტრს მიაღწია