დამანგრეველი გადაწყვეტილება-სპეცისლისტები მთავრობის მიერ რუსეთიდან ტრანზიტული ფრენების დაფინანსებას ეხმაურებიან

სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნეს

დამანგრეველი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას რუსულ ბაზარზე მთლიანად დამოკიდებულს ხდის-ასე ეხმაურებიან ექსპერტები მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას. მას შემდეგ, რაც პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები აუკრძალა, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რუსეთიდან სატრანზიტო ფრენები დააფინანსოს. ამისთვის 600 ათასამდე ევრო გამოიყო. შესაბამის დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ უკვე მოაწერა და დადგენილება ძალაშიც შევიდა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობა რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით, და პირიქით, ბილეთებს მგზავრზე მაქსიმუმ 90 ევროთი დააფინანსებს.

სპეციალისტების განცხადებით იმის მაგივრად, რომ ქვეყნის მთავრობა შეეცადოს ბაზრის დივერსიფიცირებას იმისთვის, რომ არ იყოს დამოკიდებული რუსეთიდან მომავალ მგზავრთა ნაკადებზე, პირიქით აფინანსებს მათ.

პორტალ ”კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრის” დირექტორი
ლიკა ბასილაია-შავგულიძე ამბობს, რომ ავიარეისების სუბსიდირება წყალში გადაყრილი ფულია.

„უკანასკნელი წლების განმავლობაში დათვლილი არის თანხა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა, რუსული ცენტრალური პროპაგანდისტული არხების დაფინანსებაზე იმისთვის, რომ იქ განთავსდეს საქართველოს შესახებ რეკლამა. ეს არის აბსოლუტურად ანომალია. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიმუშავოთ მაღალშემოსავლიანი, კარგად მხარჯველი ტურისტების მოზიდვაზე ევროკავშირის ქვეყნებიდან, ჩვენი გადამხდელების ფულს ვყრით რეალურად წყალში. რატომ ხდება ეს იცი? იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი მუდმივად, ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პროპაგანდირებს რუსეთის ბაზარს,“-განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი კი აცხადებს, რომ მთავრობა ევროპის რეგულაციებსაც კი არღვევს, რადგან დაუშვებელია კერძო ავიაკომპანიების სუბსიდირება.

„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ შექმნა პრეცედენტი. წავიდა ევროპის რეგულაციების წინააღმდეგ, სადაც კატეგორიულად იკრძალება კერძო ავიაკომპანიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუფსიდირება და 2012 წლიდან დღემდე 7 მილიონი დოლარით არის და სუბსიდირებული უნგრული ავიაკომპანია wizzair. ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ უკვე ქართული კომპანიებიც ითხოვენ, უკვე აბსოლუტურად ლეგიტიმურად სუბსიდირებას, რომელიც არის დამანგრეველი პოლიტიკა. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა და ჩვენ ამ გადასახადებს მივმართავთ ავიაკომპანიების დაფინანსებაში და ველოდებით იქიდან ეკონომიკის განვითარებას. რაც წარმოუდგენელია, თეორიულად. არც ერთ ეკონომიკურ მოდელში არ ჯდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავიაკომპანიების დაფინანსება და მოლოდინის გაჩენა რომ ამით ქვეყნის ეკონომიკა განვითარდება,“-განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ფინანსისტები თვლიან, რომ მთავრობა არ უნდა აფინანსებდეს მხოლოდ ერთ სფეროს გადამხდელების ფულით, რადგან ამ შემთხვევაში თავად გადამხდელების ინტერესები ზარალდება.

„მთავრობა ფულს ართმევს ყველას, მთელს მოსახლეობას ასე ვთქვათ და ეხმარება ერთ დარგს. რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს დარგი, თუნდაც ტურიზმის დარგი, ეს არასამართლიანია, იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები საქართველოში, რომლებსაც ტურიზმთან საერთოდ არ აქვთ შეხება. იმათ რატომ უნდა გამოართვა ფული იმისთვის, რომ მარტო ტურიზმს დაეხმარო. ნებისმიერი ესეთი ინტერვენციული გზა , ზომა მთავრობიდან რომ ვითომ ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით როგორ გადავწყვიტოთ პრობლემა და ხალხს ფულს გამოვართმევთ რომ მერე ჩვენ გავაკეთოთ რაღაც მთავრობამ , ეს ყოველთვის ცუდად დამთავრდება და სწორ შედეგს ვერ დადებს,“-განაცხადა ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ჩემთვის მიუღებელია ის ლანძღვა-თათხვაში გადასული კრიტიკა, რაც მოჰყვა აქციაზე ეკა ბესელიას გამოჩენას”
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია გაეცნო