დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულების 5 ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

პროკურატურამ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულების გლდანის მე-8 დაწესებულების და რუსთავის მე-6 დაწესებულების 5 ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა.

პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების თანამშრომლები დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს უსწორდებოდნენ ფიზიკურად და აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში.

დადგინდა, რომ ბრალდებულები დაწესებულებაში შესახლებისას, პატიმრებს განურჩევლად უსწორდებოდნენ ძალადობრივი მეთოდებით, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ძალადობას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება.

პროკურატურის ინფორმაციით, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 800-მდე მსჯავრდებული, რომლებიც განთავსებული იყვნენ პენიტენციური სისტემის სხვადასხვა დაწესებულებაში.

საქართველოს პროკურატურის მიერ, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შედეგად, სისხლისამართლებრივი დევნა დაწყებულია პენიტენციური სისტემის 72 თანამშრომლის მიმართ, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულების 8 დირექტორისა და 7 დირექტორის მოადგილის მიმართ.

“ბრალდებულთა ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო.
პატიმრების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, 2012 წლამდე პერიოდში, ასევე სისტემური ხასიათი ჰქონდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N6 დაწესებულებაში,” – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილმა 1 მილიარდი ევრო გადარიცხა – რის აშენება იგეგმება ქუთაისში?!
შემდეგი სტატიაშუახევის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას ხმაური მოჰყვა