პოლიციამ კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, ნოდარ ჩაჩანიძე და აქტივისტები აჩი გოჩიტაშვილი და ნენე გაბლაია გაათავისუფლა.
გათავისუფლებული ნოდარ ჩაჩანიძე და აჩი გოჩიტაშვილი რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ.
კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრის თქმით, პოლიციას მისთვის არ განუმარტავს რა მიზეზით აკავებდნენ, დალუქეს 4 მაისური წარწერით “რეჟიმი გვწამლავს” და 2 პულვილიზატორი.
შეხვედრა გვქონდა “დროას” ოფისში, ვიყავით შეკრებილი როგორც პოლიტიკური პარტიის წევრები, ასევე აქტივისტები და ალბათ ეჭვი ჰქონდათ, რომ ნაძვის ხეს ვუქმნიდით საფრთხეს, ნაძვის ხის გახსნის თუ ანთების ცერემონიალს. არაფერი არ უთქვამთ დაკავების დროს, არაფერი განმარტება არ გაუკეთებიათ. უბრალოდ ჩამსვეს მანქანაში, მითხრეს, რომ იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთ, ეგ იყო პასუხი, მხოლოდ ამას ამბობდნენ, გადამიყვანეს თაბუკაშვილზე. იმ ოფისიდან ვინც გამოვედით რამდენიმე ადამიანი გაჩხრიკეს და 2 დაგვაკავეს. გადაგვიყვანეს, დიდხანს გაგვაჩერეს უბრალოდ განყოფილებაში.
ყველაზე სასაცილო რაც იყო, ჩანთაში ეძებეს ბევრი და ბოლოს დალუქეს 4 მაისური, რომელსაც ეწერა რომ “რეჟიმი გვწამლავს” და 2 პულვილიზატორი დალუქეს, ალბათ ჩათვალეს რომ ესეც შეუქმნიდა საფრთხეს ნაძვის ხის ანთებას.
რეჟიმი გვწამლავს, რეჟიმი რეჟიმია, რეჟიმი საშიშია, თუმცა აქ რუსთაველის გამზირზე ვართ ადამიანები, ვინც ვიცავთ ქვეყანას დიქტატურის დე ფაქტო გაფორმებისგან, იურიდიულად ივანიშვილის რეჟიმმა გააფორმა სამართლებრივად, კანონებით დიქტატურა…
დაშინების გამო გააკეთეს ეს თუ რაიმე საფრთხე აღკვეთეს არ ვიცი, ორ პოლიციელს დავეხმარე ვერ ლუქავდნენ, დავალუქინე ჩემი ხელით 4 ცალი მაისური, რომელსაც ეწერა სიმართლე, რომ რეჟიმი გვწამლავს, რეჟიმი რეჟიმია,” – განაცხადა ნოდარ ჩაჩანიძემ.
აჩი გოჩიტაშვილის განცხადებით, დაკავებისას პოლიციას არც მისთვის განუმარტავს რა მიზეზით გადაჰყავდათ განყოფილებაში. სამოქალაქო აქტივისტის თქმით, მას ტელეფონი ძალის გამოყენებით წაართვეს და პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
კახა კალაძემ დაიცვა თავისი ნაძვის ხე იმის ფონზე, რომ თავისი მოქალაქეები ტყუილ-უბრალოდ აიყვანა და სამმართველოში წაიყვანა და რამდენიმე საათით ჰყავდათ პატიმრობაში. როდესაც დამაკავეს გავდიოდი პლაკატების საყიდლად, ვინაიდან ნაძვის ხეზე უნდა მივსულიყავი და აგვეწია “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” პლაკატი და როდესაც ოფისიდან გავედი ამ მომენტში პოლიციელები მომვარდნენ პირდაპირი მნიშვნელობით, დამაკავეს, არ ამიხსეს რის გამო ვიყავი დაკავებული,ს ანამ არ გამომიშვეს. როცა გამომიშვეს მანახეს საბუთი, რომ პირადი ჩხრეკა ჩაგიტარდა და ამის საფუძველზე დაგაკავეთო. მათ გზაში რამდენჯერმე გავუმეორე რასთან დაკავშირებით მაკავებთ-თქო, რაზეც უკვე უწმაწური სიტყვები წამოვიდა პოლიციელებისგან და არ ამიხსნეს, წამართვეს ტელეფონი ძალის გამოყენებით და მრავალ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი.
განყოფილებიდან პირდაპირ რუსთაველზე გამოვედი, იქამდე ვიდგები რუსთაველზე, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს, სანამ რეჟიმის ტყვეები არ გათავისუფლდებიან და სანამ საქართველო არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე,” – თქვა აჩი გოჩიტაშვილმა.
















