დალია გრიბაუსკაიტე – ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სურვილს, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი

ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სურვილს, შეუერთდეს და გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო ჩართულია მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში და ამ კუთხით ქვეყანა მრავალ პროექტსა და პროგრამაში მონაწილეობს.

„ჩვენც ვცდილობთ, დავეხმაროთ საქართველოს, რომ რაც შეიძლება, ახლოს მივიდეს ევროპასთან და საბოლოო ჯამში, მიაღწიოს საკუთარი სურვილის განხორციელებას, ანუ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას“, – განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.

ამასთან, მისი თქმით, ლიეტუვა მიესალმება საქართველოს სწრაფ ტემპს რეფორმების განხორციელებაში.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოს საკმაოდ სწრაფ ტემპს, რეფორმების განხორციელების გზაზე და იმას, თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა ამ დაბრკოლებებს, როგორ გადის ზოგადად ამ ბილიკს, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანებამდე მივყავართ. ჩვენს დღის წესრიგში ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. საქართველო მონაწილეობს ნატო-ს მიერ წარმართულ მრავალ მისიაში და ის ფაქტობრივად, გახლავთ მეკავშირეწევრი, მე ვიტყოდი, საქართველოს მონაწილეობა ნატო-ს მისიებში არის ძალიან მნიშვნელოვანი და აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი მოწინავე“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა შავი ზღვის რეგიონში და მხარს უჭერს ნატო-ს ყოფნას აღნიშნულ რეგიონში, რაც შეიძლება ფართო მასშტაბით.

„ნატო-ს სამხედრო წვრთნები, რომელიც იმართება საქართველოს ტერიტორიაზე, გახლავთ საკმაოდ ინტენსიური და საკმაოდ აახლოებს საქართველოს ნატო-სთან სამხედრო მიმართულებითაც“, – აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.

ამასთან, მისი თქმით, ხვალ საუბარი შეეხება კიბერუსაფრთხოების სფეროს, რაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პაკეტში შედის.

„ხვალ ხელს მოვაწერთ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მთელ პაკეტს. ჩვენ ვართ პარტნიორები მრავალმხრივ, სხვადასხვა მიმართულებით.

ჩვენ ვართ ქვეყნები, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით ერთმანეთის და მხარს უჭერენ ერთმანეთს ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

როგორც დალია გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობა იქნება გამოწვევებით სავსე და მან სალომე ზურაბიშვილს წარმატება უსურვა.

„მე ვუსურვებ ახლად არჩეულ პრეზიდენტს ძალას, შემართებას, რადგან მისი მუშაობა იქნება საკმაოდ რთული, სავსე მრავალი გამოწვევით. საქართველო თავისთავად არის გამოწვევების წინაშე, ასეთი ქვეყანა გახლავთ, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველო არის ჩვენთან ძალიან ახლოს მდგომი ქვეყანა, საქართველოს ბედი ძალიან ახლოს არის ლიეტუვის ბედთან და ჩვენ ერთად ვუმკლავდებით მას“, – განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე დალია გრიბაუსკაიტემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დალია გრიბაუსკაიტეს დღეს ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრის შემდეგ მხარეებმა დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული შეხვედრაც გამართეს და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს პარტნიორთა მხარდაჭერის მობილიზების საკითხებიც განიხილეს. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე – გაცილებით დიდ მასშტაბთან გვაქვს საქმე, “თიბისი ბანკის” საქმე ოპერაციების საკითხს გასცდა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – დეოკუპაციის საკითხზე საუბარი ტექნიკური დონიდან პოლიტიკური დონეზე უნდა გადავიდეს