საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისა და დახმარებისთვის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილმა შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან სტიქიის ზონაში გააკეთა.
„პირველივე დღიდან გამოითქვა დახმარების სურვილი და ჩვენ მივიღეთ დახმარება აზერბაიჯანისგან, თურქეთისგან სომხეთისგან ასევე ბელარუსისგან. მივიღეთ წინადადებები სხვა ქვეყნებიდანაც. გუშინ გამოითქვა ასევე დახმარების მზადყოფნა აშშ-ისგან, დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან, ისრაელისგან, საბერძნეთისგან, უკრაინისგან, ბულგარეთისგან, ირანისგან“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე სტიქია ისევ მძვინვარებს.
ვერტმფრენებმა სტიქიის ზონაში მუშაობა დილიდან განაახლეს. ინტენსიურ სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩართულები არიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, სატყეოს თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები.