
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სუს-ის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი გახლდათ“, – განაცხადა ახალაიამ.
მისივე ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიასთან, ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან, სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე.
„როგორც უკვე ცნობილია, დაკავებულები იყვნენ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ.
საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
აღნიშნულ და მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ვაგრძელებთ ინტენსიურ ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს რათა უზრუნველყოფილი იქნას კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა მხილება, პასუხისგებაში მიცემა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენცია“, – განაცხადა ია ახალაიამ.
















