დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად აქცია დაანონსდა

საქართველოს პროკურატურის მიერ დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად დღეს, 7 საათზე პროკურატურასთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია Faceebook-ზე წერს.

ხოშტარია საზოგადოებას, აქციაზე მისვლისკენ და დაკავებულების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

“7ზე მივდივარ პროკურატურასთან წესიერი ადამიანების დაჭერის გასაპროტესტებლად! ვისაც დრო გექნებათ მოდით. მარტოც რომ ვიყო, 7ზე იქ ვიქნები და ჩემ სათქმელს ვიტყვი. არ დაგაჩაგვრინებთ ადამიანებს, ამ სიბინძურეს არ შეგარჩენთ. დღეს 7ზე პროკურატურასთან”, – წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

გაუთქმელობის ხელწერილის გამო, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საჯაროდ ვერ ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ რას ეკითხებოდა მათ გამოძიება.
ივერი მელაშვილმა ფორმულასთან არაერთხელ თქვა, რომ რჩება განცდა, რომ წინასაარჩევნოდ დავით გარეჯის და საზღვრის დამდგენი კომისიის საკითხის წამოწევის უკან “შესაძლოა, სხვა ინტერესები იდგეს”.

ნატალია ილიჩოვამ კი განაცხადა, რომ კითხვები, რომლებსაც მას გამომძიებლები უსვამდნენ, საქმეს სცდება. ილიჩოვას თქმით, “შოკირებულია თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და პროკურატურის დაწყებული გამოძიებით და საქმის დაწყების მიღმა პოლიტიკურ პროცესებს ხედავს”.

ოპოზიცია საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებებს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოს უწოდებს.

banner
წინა სტატიაშიკაპანაძე დავით-გარეჯის საქმეზე: აგონიაში მყოფმა ხელისუფლებამ საარჩევნოდ აბსურდი მოიგონა
შემდეგი სტატიაგიორგი ტყემალაძე: „ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა“