“დაკავებულები ცემეს, ქალს თითები მოტეხეს, აწამეს ერთ-ერთის შვილიც” – ყაჩაღობაში მსჯავრდებულების ადვოკატები პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებენ

პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ხმაურიან საქმეზე ორი წლის შემდეგ ყაჩაღობაში მსჯავრდებული პირების ადვოკატები ალაპარაკდნენ. საუბარია 2016 წლის 13 იანვარს მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე, რა დროსაც ერთი ქალი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალი – ქეთევან ხმალაძე.

როგორც ადვოკატები ირწმუნებიან, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები 2 წლის წინ სამართალდამცველთა მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლნი გახდნენ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტების თქმით, პოლიციელებმა ოთხი დაკავებული სასტიკად აწამეს და სცემეს. მათი ინფორმაციით, ერთ დაკავებულს – ქეთევან ხმალაძეს სამართალდამცველებმა თითები მოტეხეს, როდესაც ის აღიარებით ჩვენებას ხელს არ აწერდა. იურისტების თქმით, დაკავებული ქალის თანდასწრებით მისი არასრულწლოვანი შვილიც აწამეს.

„გაუმართლებელი ძალით მოხდა მათი დაკავება, სანამ მოხდებოდა დაკავება, ფიზიკურად გაუსწორდნენ ყველა დაკავებულს და ამ ქალბატონის არასრულწლოვან შვილსაც. ამ ქალბატონს თავისი არასრულწლოვანი შვილის ყვირილი ესმოდა, მისი ცემა. მათი ცემა-წამება პოლიციის განყოფილებაშიც გაგრძელდა იმ მოტივით, რომ პოლიციის თანამშრომლების დაჟინებული და აგრესიული მოთხოვნა იყო, რომ აღიარებით ჩვენებზე, არარსებულს ფაქტებზე მოეწერათ ხელი. ქალბატონს თითებიც მოტეხეს, როდესაც არ აწერდა ხელს,“- განაცხადა ადვოკატმა.

პოლიციელების მხრიდან სავარუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე ძიება მაშინვე დაიწყო, თუმცა 2 წლის შემდეგ არავის პასუხისმგებლობა გამოკვეთილა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ოთხივე ბრალდებული ყაჩაღობისთვის დამნაშავედ ცნო, თუმცა სასამართლომ ბრალდებულები მკვლელობის მუხლში გაამართლა. საქმეს ამ დროისთვის სააპელაციო სასამართლო იხილავს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტმა გვარის შეცვლის რეგულაციების გამკაცრების შესახებ კანონი დაამტკიცა
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე : ეტყობა, გია ვოლსკი დაგვიბერდა და ვეღარ გრძნობს, რა არის კორექტული და რა – არაკორექტული