დაკავებულები არიან აფხაზური ოპოზიციის აქტივისტები

აფხაზური ოპოზიციის ინფორმაციით, გადაკეტილია სოხუმისკენ მიმავალი სამი მთავარი გზა – გუმისთის ხიდი, ქვედა გუმისთის ხიდი და კოდორის ხიდი.

გავრცელებული ინფორმაციით, გუდაუთიდან შემოყვანილია რუსული სამხედრო ტექნიკა, რომელიც ბჟანიას რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსეს.

როგორც “თაიმერს” ოკუპირებული ტერიტორიიდან აცნობეს, მოსახლეობას ერთი კვირის განმავლობაში, 20:00 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლა აეკრძალა.
წყაროს ცნობით, ასევე დაკავებულები არიან აფხაზური ოპოზიციის აქტივისტები.

ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორის ხიდზე ოპოზიციის მხარდამჭერებსა და „ძალოვანი სტრუქტურების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ოკუპირებულ რეგიონში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. “უშიშროების საბჭოს” საგანგებო სხდომა მოიწვია ე.წ. პრეზიდენტმა ბჟანიამ.

შეგახსენებთ, პროტესტი ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა.

არსებული ცნობებით, გუდაუთაში „საჯარო შეხვედრიდან“ დაბრუნებული ოპოზიციონერები ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ დაკავებულები აფხაზეთის მიწების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვას აპროტესტებდნენ.

12 ნოემბერს გვიან ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა გუმისთას და კოდორის ხიდები გადაკეტეს. ერთ-ერთი ტელეგრამ არხის ცნობით, ამ დროისათვის კოდორის ხიდი გახსნილია. წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეებთან ე.წ. დეპუტატი ბესლან ემურხბა და ოჩამჩირის რაიონის “გამგებელი” ბესლან ბიგვავა მივიდნენ და ახლობლებს დაპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში დაკავებულებს გაათავისუფლებდნენ, რადგან არ არსებობს მათი პატიმრობაში დატოვების არანაირი მტკიცებულება. მათ ამ დაპირებაზე პასუხისმგებლობა აიღეს და სანაცვლოდ , აქციის მონაწილეებს გზის გახსნა სთხოვეს.

banner
წინა სტატიაშისოფელ ალგეთში 2 წლის ბავშვს აგური დაეცა და დაიღუპა
შემდეგი სტატიაირაკლი ფავლენიშვილი: მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს პოლონელ მეგობრებს, განსხვავებით ივანიშვილის ბანდისა, რომლებიც არიან პუტინის რეჟიმის მონურ მორჩილებაში