დაკავების შემდეგ პოლიციაში ფიზიკური ძალადობის საგანგაშოდ გაზრდილი სტატისტიკა – განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აჭარაშია

დაკავების შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანილ პირთა სხეულზე დაზიანების მიღების მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით ორჯერ გაზრდილია – ამ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი, უწყების ანგარიშის საფუძველზე ავრცელებს.

ანგარიში შს სამინისტროს სტატისტიკას ეყრდნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წელს დაკავების შემდეგ, სხეულის დაზიანების მიღების 65 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2018 წელს – 116 შემთხვევა.

განსაკუთრებულად საგანგაშო მდგომარეობაა ამ მხრივ აჭარაში. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყნის მასშტაბით, 2018 წელს დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების მიღების შემთხვევების 40% აჭარის რეგიონში გვხდება.

აჭარაში, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 9-ჯერ არის გაზრდილი.

„ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში დოკუმენტირებულია იზოლატორში შესახლებულ პირთა სხეულზე დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების 47 შემთხვევა, მაშინ როდესაც იმავე ბათუმის იზოლატორში 2017 წელს მხოლოდ 5 შემთხვევა იყო დოკუმენტირებული.

“საქართველოს სხვა რეგიონებში ეს მაჩვენებელი არ გაზრდილა, მეტიც, ზოგიერთ რეგიონში შემცირებაც კი აღინიშნება. შესაბამისად, ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დაკავებულ პირთა მიმართ პოლიციის მოპყრობა აჭარის რეგიონში მკვეთრად არის გაუარესებული,“-ნათქვამია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიდღეს გუჯა ბურდულის დაბადების დღეა
შემდეგი სტატიაქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული ზაალ ახვლედიანის ოჯახის წევრები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ