დაკავებების შემთხვევაში უფრო გაიზრდება ადამიანების გაღიაზიანება და შესაძლოა, ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს – პანკისის ხეობის მკვიდრი

პანკისის ხეობაში მცხოვრებლები სამოქალაქო პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ. პანკისის მკვიდრები ამბობენ, რომ ვითარება გამწვავდება, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებებს დაიწყებს. დღეს დილიდან სოფელ ძიბახევთან, რომელიც შეტაკების ეპიცენტრი იყო, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

პანკისის ხეობის მოსახელობა სოფელ ბირკიანში ამ წუთებში არიან შეკრებილი და სამომავლო გეგმებზე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მსჯელობენ.

„მოსახლეობა არის ძალიან უკმაყოფილო, დაკავებების შემთხვევაში უფრო გაიზრდება ადამიანების გაღიაზიანება და შესაძლოა, ისევ ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს,“ – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, შენგელი ტოხოსაშვილმა.

მისივე თქმით, პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებული მოვლენები მიზანმიმართული პროვოკაცია იყო.

„სამოქალაქო პროტესტი აუცილებლად იქნება გაგრძელებული. ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო მიზანმიმართულად განხორციელებული პროვოკაცია მოსახლეობის მიმართ. ანალოგიურად ველოდებით კიდევ მიზანმიმართულ პროვოკაციებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ცივილურ ფორმებში, სამოქალაქო პროტესტს გავაგრძელებთ,“ – ამბობს ტოხოსაშვილი.

პანკისში სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციის დამატებითი ძალები შევიდნენ ხეობაში. მოსახლეობა გუშინ დილიდან ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდა.

დაპირისპირების დროს დაშავდნენ პანკისელები და სამართალდამცავები. ამ დროისთვის საავადმყოფოში 16 პაციენტი რჩება. მედიკოსების განცხადებით, დაშავებულთა უმრავლესობა სამართალდამცველია, რომელთაც დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. სულ სამედიცინო დახმარება ორმოცამდე დაშავებულს დაჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება სისხლის სამართლის ორი – პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების მუხლებით დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“სიტროენ ჯორჯიას” ხელმძღვანელი კარტელური გარიგებებისა და კორუფციის ფაქტებზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ლევან გზირიშვილი, აცხადებს, რომ „ევროპული საქართველო” საბჭოს საქმიანობაში ჩარევას ცდილობს