33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

დაჯგუფება „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მოქმედი ადმინისტრაცია დაშალა და გაერო-ს მხარდაჭერილ სპეციალისტთა კომიტეტისთვის მართვის უფლებამოსილების გადასაცემად ემზადება

ღაზის სექტორში მოქმედი ადმინისტრაცია დავშალეთ და გაერო-ს მხარდაჭერილ სპეციალისტთა კომიტეტისთვის მართვის უფლებამოსილების გადასაცემად ვემზადებით,- აცხადებენ დაჯგუფება „ჰამასში“. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

გადაწყვეტილება აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილია. „ჰამასს“ არ დაუკონკრეტებია, გეგმავს თუ არა განიარაღებას ან უსაფრთხოების კონტროლის საერთაშორისო ძალებისთვის გადაცემას. დაჯგუფებამ საკუთარი გადაწყვეტილება წლების განმავლობაში მიმდინარე ომის შემდეგ ღაზის აღდგენის პროცესისადმი ერთგულების დასტურად შეაფასა.

„ჰამასის“ განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი, რომელმაც „ჰამასის“ ნაბიჯი „მზაკვრულ ხრიკად“ შეაფასა.

„ერთი შეხედვით მზადყოფნა, ადგილი დაუთმოს სპეციალისტებით დაკომპლექტებულ სამოქალაქო ადმინისტრაციას, რეალურად საკუთარი განიარაღების თავიდან აცილებას ემსახურება“,- განაცხადა საარმა.

საარის განცხადებით, ისრაელი მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის სრულად შესრულებას, რაც „ჰამასისა“ და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღებასა და ღაზის სექტორის სრულ დემილიტარიზაციას ითვალისწინებს.

განცხადებას გაეროც გამოეხმაურა. ორგანიზაციის პრესსპიკერის, სტეფან დიუჟარიკის განცხადებით, გაერო-მ „ჰამასის“ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიიღო და მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას შეუწყობს ხელს.

„მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებას უწყობს ხელს და გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციებში ასახული მიზნების მიღწევას ემსახურება. მათ შორისაა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულება, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება. ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით ერთიანი პალესტინური მმართველობის ჩამოყალიბებისკენ მიმართულ ძალისხმევას“, – განაცხადა დიუჟარიკმა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: მიმაჩნია, რომ ამ ომში გამარჯვებას ის მოიპოვებს, ვინც უფრო ჭკვიანია
შემდეგი სტატიაევროკავშირის დროშის ხელახლა აღმართვიდან წლები გავიდა — სიმბოლური ნაბიჯი, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა