დაისვა საკითხი, რამდენად აქვს დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება, გასცეს რეკომენდაცია პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან დროებით საგამოძიებო კომისიასთან შეხვედრაზე ძალიან საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა, მათ შორის გახმოვანდა პოზიცია, ხომ არ არის ნაჩქარევი ერთ-ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, რადგან ინციდენტში მონაწილე პირები ჯერ გამოკითხული არ არიან და ჩვენც ამას ვამბობდით ბოლო დღეებში, – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც კომისია არასამთავრობო სექტორისა და და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდა.

რაც შეეხება სხდომაზე წარდგენილ მეორე რეკომენდაციას, მისი თქმით, შესაძლოა, ამასთან დაკავშირებით, თანხმობა იყოს.

„მეორე რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეიძლება თანხმობაც კი იყოს, რადგან ეს არ არის მაინცდამაინც პრინციპული საკითხი. პირველ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ასევე დაისვა საკითხი გარკვეულ იურიდიულ პრობლემებზე, რამდენად აქვს რეგლამენტის მიხედვით კომისიას უფლება გასცეს რეკომენდაცია, რომ კონკრეტული პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რამდენად არის ამ პირის ქმედებაში დღევანდელი მოცემულობით და არსებული მტკიცებულებებით იმ დანაშაულის ნიშნები, რაც რეკომენდაციაშია მითითებული“, – განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ კომისიის დღევანდელ სხდომაზე ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება.

სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებს გაეცნენ. დახურულ შეხვედრაზე საუბარი ორ რეკომენდაციას შეეხო, რომელზეც კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ გასულ კვირაში ისაუბრა – ერთ-ერთი არასრულწლოვანის, გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყება და ასევე, კონფლიქტში მონაწილე მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის მოადგილე – დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე ეჭვებს და კითხვის ნიშნებს ვეთანხმებით
შემდეგი სტატიაეს რეკომენდაციები, რომელიც კომისიაშია ინიცირებული, არ იქნება ერთადერთი – სერგი კაპანაძე