დაისაჯოს ზვიად გამსახურდიას მკვლელი

“დაისაჯოს ზვიად გამსახურდიას მკვლელი”, “არ შეწყდეს გამოძიება” – ამ მოთხოვნებით მთავარ პროკურატურასთან დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი ითხოვენ, რომ გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე ბრალი წარედგინოს გამოძიებისას გამოკვეთილ პირებს. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება საქმის დახურვას განზრახ ცდილობს.

“არავითარი მოლოდინი არ მაქვს, ჩემო კარგო და არც არაფრის იმედი არ მაქვს, მოგახსენებ. უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო. ასე მყისიერად გაკეთება რომ მდომოდა, ეს რადიკალური ნაბიჯი არც დაგვჭირდებოდა. ნებისმიერ პროტესტს სჭირდება ბრძოლა, სჭირდება შეუპოვრობა, სჭირდება ენერგია და ჩვენ ეს არ გვაკლია, მინდა, დავარწმუნო ჩვენი მტრები,”,- ამბობს ცოტნე გამსახურდია.

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, საქმის გამოსაძიებლად პოლიტიკური ნება არ არსებობს.

“მე ვეჭვობ, რომ ამ უნიათობის და ამ ნაცარქექიობის მიღმა დგას პოლიტიკური ნების არარსებობა”,- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ზვიად გამსახურდიას შვილებმა, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა, მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა 14 დეკემბერს დაიწყეს. მიზეზად ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე დასახელდა, რომელიც ხანდაზმულობის გამო, შესაძლოა 2 კვირაში დაიხუროს. კონსტანტინე გამსახურდია საქმის გამოძიებასა და მამის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს.

იგი ასევე კანონში ცვლილების შეტანას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, – “განსაკუთრებულ შემთხვევებს” ხანდაზმულობა არ შეეხება.

ამასთან დაკავშირებით, პროკურატურაში ამბობენ, რომ გამსახურდიებს, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის უშუალო გამომძიებელთან და პროკურორთან შეხვედრა შესთავაზეს, მაგრამ ისინი შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ.

 

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/berdiakalanida/videos/2249020358716292/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშითბილისის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი შესაძლოა მომდევნო კვირაში დაამტკიცოს
შემდეგი სტატიაგაერთიანებული ოპოზიცია გურჯაანის სასამართლოსთან აქციას გამართავს