“დაიმახსოვრეთ და სიკეთის კეთების უფლებაც ყველას გვაქვს”- ირმა ინაშვილი “ქართული ოცნების” მთელ შემადგენლობას მიმართავს

ბებიამ გამზარდა, ბებიასადმი გამორჩეული სიყვარული მაქვს, მესიზმრება, მენატრება და როცა მიჭირს, ვგრძნობ, რომ ჩემს გვერდითაა.
მთელი ცხოვრების მანძილზე ბებიებისა და ბაბუებისადმი, განსაკუთრებით, ხანდაზმული ბებიებისა და ბაბუებისადმი სათუთი დამოკიდებულება მაქვს და ვცდილობ მათ გახარებას. არ ვიცი, ეს როგორ გამომდის. ზოგს მატერიალური დახმარება სჭირდება, ზოგი მხოლოდ წამალს ელის, ზოგს საკვები სჭირდება და ზოგსაც, უბრალოდ, თბილი სიტყვა ენატრება. ზოგი ბედნიერია, სახლიც აქვს, მზრუნველი შვილიშვილები და შვილთაშვილებიც ჰყავს, ზოგი განსაცდელშია, ვერც შვილი ეხმარება და ვერც შვილიშვილი, უმწეოა, უპოვარი და მარტოხელა. როცა მათ ვეფერები და ვეხმარები ისე, როგორც შემიძლია, ასე მგონია, საკუთარ ბებიას და ბაბუას ვახარებ. დარწმუნებული ვარ, თქვენც ზუსტად იგივე განცდა გაქვთ და ბევრი თქვენგანი გაცილებით მეტს აკეთებს ჩვენი ბებიებისა და ბაბუებისათვის, ვიდრე მე. რატომ დამჭირდა ეს შესავალი?

გუშინ საღამოს „ობიექტივის“ ჟურნალისტს ილია ჩაჩიბაიას საგარეჯოდან 71 წლის მოხუცმა დაურეკა და მისი 100 წლის დედის, ქალბატონი ენინე ჯორბენაძის გულისტკივილი გადასცდა. თან, დახმარება თხოვა. ილიამ საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც გავიგეთ, რომ ქალბატონი ენინე 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამგეობისგან იმ საჩუქარს ელოდა, რაც 100 წლის ადამიანებისთვის საქართველოს არა ერთ რეგიონშია გათვალისწინებული. ესაა 1000 ლარი. ვინაიდან გამგეობას 100 წლის ქალბატონისთვის (დახმარების სახით) უკვე გადაუცია 200 ლარი, შესაბამისად, ქალბატონმა ენინემ 1000 ლარი ვერ მიიღო და ვითარებაში გასარკვევად მისმა 71 წლის შვილმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ პროდუსერს ილია ჩაჩიბაიას მიმართა. ისევ ვამბობ, ილიამ საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, საგარეჯოს გამგეობასაც მიმართა, მერსაც, კახეთის გუბერნატორსაც დაუკავშირდა. დაპირდნენ, რომ გაერკვეოდნენ ვითარებაში. ამასობაში, ილიას პოსტი წავიკითხე და იქვე დავწერე, რომ ენინე ბებოს მე ვაჩუქებდი 1000 ლარს. ქალბატონი ენინეს შვილმა მოგვაწოდა დედის მონაცემები და ზუსტად 15 წუთში ქალბატონი ენინეს საპენსიო ანგარიშზე ეს პატარა საჩუქარი ჩავრიცხეთ. ხაზს ვუსვამ: ეს საჩუქარი ქალბატონ ენინეს გავუგზავნეთ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით და არა იმის გამო, რომ მას რაიმე უჭირს. ამასობაში, ილია ჩაჩიბაიას პოსტი ბევრმა ადამიანმა წაიკითხა, ბევრს გაეხარდა, ბევრს თავად გაუჩნდა სურვილი ყვავილების თაიგული გაეგზავნა ქალბატონი ენინესათვის. 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოსახლეობა ჩვენთვის ის მემკვიდრეობაა, რომელზე ზრუნვის უფლებასაც ვერავინ წაგვართმევს. საზოგადობის დიდი ნაწილი 100 წლის ქალბატონს იუბილეს დიდი სიყვარულით ულოცავდა. ასე დამთავრდა გუშინდელი დღე.

გათენდა დღევანდელი დღე და „ობიექტივის“ საქველმოქმედო ფონდის დირექტორმა გადმომცა, რომ მას ქალბატონი ენინეს აღშფოთებული შვილიშვილი დაუკავშირდა და ჩემი საჩუქარი გააპროტესტა. დავურეკე აღშფოთებულ შვილიშვილს და გავარკვიე, რომ ის ილია ჩაჩიბაიას პოსტმა გააღიზიანა, რომელიც რამდენიმე სააგენტომ გაავრცელა და როგორც მითხრა, ბებიას არაფერი აკლია და არც თქვენი დახმარება სჭირდებაო. მე ავუხსენი, რომ მისი ოჯახის წევრმა მიმართა ტელევიზიას, ილია ჩაჩიბაიამ საჯაროდ იმოქმედა და გააკეთა, რასაც გააკეთებდა პასუხისმგებლობის მქონე ყველა ჟურნალისტი. ახლა არც შვილიშვილზე მინდა რაიმეს თქმა და არც ქალბატონი ენინეს 71 წლის შვილზე, რომელმაც ილია ჩაჩიბაიას დახმარებისთვის მიმართა. სამწუხაროა, რომ 71 წლის მოხუცს ტელეფონი გამოურთეს, რის გამოც მას ხმა ვეღარ მივაწვდინეთ.
საგარეჯო პატარა რაიონია და ყველა ყველას იცნობს. მეც გავარკვიე, რომ ქალბატონი ენინეს ოჯახის წევრი სოფელ პატარძეულში, ე.წ. აჭარელების დასახლებაში „ქართული ოცნების“ საარჩევნო რგოლის ხელმძღვანელია. სასწრაფოდ ამოქმედდა საგარეჯოს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და ძალოვანი შემადგენლობა და ჩაერთო ენინე ბებოს საქმეში და ჩაერთო იმ კუთხით, რომ ქალბატონი ენინეს შვილიშვილი რატომღაც აღშფოთებულიყო. ახლა პირდაპირ ვამბობ, რომ ჩემს გამო ამ ოჯახზე განხორციელდა ენითაუწერელი ფსიქოლოგიური ზეწოლა. დაიწყეს ლაპარაკი, ვითომ პოლიტიკურ ქულებზე, რაც უადგილო და სასაცილოა ამ ვითარებაში, როცა ყველა ყველას თავისუფლად და გულწრფელად ეხმარება. ანუ რა გამოდის: ეპიდემიის პირობებში ჩვენი მოქალაქეებისადმი „ქართული ოცნების“ მხრიდან გაწეული დახმარება არაა დაკავშირებული პოლიტიკური ქულების მოხვეჭასთან და მაინც და მაინც ჩემი, ირმა ინაშვილის საჩუქარმა გამოიწვია აღშფოთება?! ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენეთ, თუ რა დანაშაული ჩავიდინეთ?! არც გამგეობა გამიკრიტიკებია, არც მერია და არც გუბერნია, პიქირით, მოვუწონე, რომ ენინე ბებოს 200 ლარიანი დახმარება გამოუყვეს. ჩემი მხრიდან კი, რაც საჭიროდ ჩავთვალე, რაც ჩემმა გულმა მიკანახა, ის საჩუქარი გავუგზავნე ქალბატონ ენინეს და თქვენ- საგარეჯოს „ქართული ოცნების“ მთელი შემადგენლობა (თქვენი პოლიტიკური და ძალოვანი კომპონენტით) ისეთი არაადამიანები ხართ, რომ საჩუქარზე უარის თქმას აიძულებდით 100 წლის მოხუცს, მისი აღშფოთებული შვილიშვილის გაუგებარი პროტესტის გზით.

ჰოდა, ვიმეორებ: არც ამ შვილიშვილთან მაქვს საქმე, არც ქალბატონი ენინეს 71 წლის შვილთან, რომელსაც დედის დახმარება სურდა. სწორედ „ქართულ ოცნებას“ ვეუბნები: ეს ოჯახი დღეს თქვენ დაატერორეთ და შეაშინეთ. ვინ ხართ ბოლოს და ბოლოს, რა ხალხი ხართ, რა ხალხი გყავთ რეგიონებში? მერიებში, გამგეობებში? რა გგონიათ, ეს ქვეყანა მარტო თქვენ გეკუთვნით?! ან სიკეთეს მარტო თქვენ აკეთებთ, სხვა არავინ აკეთებს? დააკვირდით, რა განსხვავებაა თქვენსა და ჩვენს შორის. როცა თქვენ კარგ საქმეს აკეთებთ, ჩვენ ამას ყოველთვის სიხარულით აღვნიშნავთ, მაგრამ თქვენ როგორ იქცევით? თუ ვინმე სხვამ გააკეთა რაიმე სიკეთე, თუნდაც, უმნიშვნელო, ეს არ უნდა გამოჩნდეს! მეტიც, ამას მტრები უნდა გამოუჩნდნენ, ეს უნდა დააკნინოთ, კაცს უნდა შერცხვეს, რომ სიკეთე გააკეთა, დამნაშავედ უნდა აგრძნობინოთ თავი. აი, ეს ხალხი ხართ თქვენ! სიკეთის კეთებაზეც მონოლოპოლია გინდათ გქონდეთ, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროზე.
ახლა შემდეგი პუნქტი. ილია ჩაჩიბაიას პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, საგარეჯოდან შემატყობინეს, რომ კიდევ ერთი 103 წლის ქალბატონი ჰყავთ, რომელსაც უკვე დღეს გავუგზავნე საჩუქარი. ახლა მთელი საქართველოს მასშტაბით, თუ კი სადმე 100 წელს გადაცილებული მოხუცია, ყველას ოჯახს ვთხოვ, რომ პირადად შემეხმიანოთ. საგანგებო პროექტს ვიწყებ 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისთვის.

“ქართული ოცნების” მთელ შემადგენლობას გეუბნებით: სამი დღეა ტელეეკრანიდან არ ჩამოდიხართ, რომ ხელფასის 1/3 სამი თვის მანძილზე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს უნდა შეწიროთ. მანამდე მთელი კამპანია ააგორეთ სოციალურ ქსელში, – არიქა, პარტიებს დაფინანსება რად უნდათ, სახელმწიფოს დაეხმარონო. მე სამი წელია ხელფასის ნახევარს ვრიცხავ საქველმოქმედო ფონდში, რომელსაც 10 000-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს და ერთხელ არ მომიწოდებია თქვენთვის, იგივე გააკეთეთ, რასაც მე ვაკეთებ თქო. ამაშია განსხავება თქვენსა და ჩვენს შორის. მე არ მგონია, რომ ერთადერთი ვარ, ვისაც მშიერ ადამიანებზე გული ტკივა, მე არასდროს ვიკადრებ კეთილი საქმე არ მოგიწონოთ და თავს დაგესხათ, მე არ ვეძებ მტერს თქვენში, თქვენ კი ყველაში მტერს ხედავთ, ვინც თქვენი არაა და ეს ქვეყანაც მხოლოდ თქვენი კერძო საკუთრება გგონიათ. ყველას გვეკუთვნის ეს ქვეყანა, კარგად დაიმახსოვრეთ და სიკეთის კეთების უფლებაც ყველას გვაქვს.

ირმა ინაშვილი

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მუნიციპალიტეტის პოლიციის განყოფილების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თვითიზოლაციაში იმყოფება?
შემდეგი სტატიაქუთაისის ცხელების ცენტრში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა