”დაიცავი კონსტიტუცია” – ოპოზიციური პარტიების მიმართვა ვენეციის კომისიას

”დაიცავი კონსტიტუციის” ფარგლებში გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები ვენეციის კომისიას მიმართავენ. წერილში პარტიები შეშფოთებას გამოთქვამენ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით. პარტიები ოთხ ძირითად საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას: საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, პრეზიდენტის არჩევის წესი, პარლამენტის არჩევის წესი, საარჩევნო ბლოკების აკრძალვა. წერილში სხვა საკითხებზეც არის საუბარი.

„ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც გვაერთიანებს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მკაფიო ხედვა და რომელთა ურყევი ნებაა, არ დავუშვათ ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული უკუსვლა, გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით და ვაცხადებთ შემდეგს:

1. საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დაწყების დღიდან, ქართული საზოგადოების დაკვეთა და საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი თხოვნა იყო პროცესის ინკლუზიურობა და შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა.

ნაცვლად ამისა, მივიღეთ სრულიად საპირისპირო სურათი:

მოხდა განსხვავებულ აზრზე მდგომი ყველა სუბიექტის იგნორირება ყველა საკვანძო საკითხში. შედეგად, არსებული პროექტი წარმოადგენს ერთი პოლიტიკური ძალის ცალმხივ დოკუმენტს, რომლის მიზანია ამ ძალის ხელისუფლებაში უვადოდ დარჩენა, ამომრჩევლის ნების მიუხედავად.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში იმთავითვე არ ჩართულა საქართველოს პრეზიდენტი, კომისიის მუშაობის პროცესში კომისია დატოვა მასში შემავალმა უკლებლივ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ხოლო კომისიაში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონსტიტუციის პროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

დღეის მდგომარეობით, საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით მართლაც მიღწეულია, ოღონდ არსებული პროექტის საწინააღმდეგოდ.

2. პრეზიდენტის არჩევის წესი

მმართველი ძალა ხშირად საუბრობს იმაზე, თუ როგორ ირჩევიან პრეზიდენტები ამა თუ იმ საპარლამენტო რესპუბლიკაში და ივიწყებს, რომ დღემდე საქართველო არ ყოფილა კლასიკური ფორმით საპარლამენტო რესპუბლიკა. რაც მთავარია, კონსტიტუცია არ არის თეორიული დოკუმენტი. კონსტიტუცია სახელმწიფოს ფუძემდებლური პოლიტიკური დოკუმენტია, რომელიც არსებობს კონკრეტულ დროსა და სივრცეში.

უკანასკნელი გამოკითხვებით, საქართველოს მოსახლოების დაახლოებით 90% მომხრეა პირდაპირი წესით უშუალოდ აირჩიოს საკუთარი პრეზიდენტი. ძნელი მოსაძებნია (თუ შეუძლებელი არა) სხვა საკითხი, რომელზეც საქართველოს მოქალაქეთა აზრი ამდენად ცალსახა და ერთგვაროვანია.

ასევე მნიშვენლოვანია გავითვალისწინოთ, რომ დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში, როდესაც ქვეყანას მართავს საქართველოს მასშტაბისთვის დისპროპორციულად მდიდარი, კანონს მიღმა მდგომი ოლიგარქი, ხალხის მიერ პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი არის რეალურად ერთადერთი ინსტიტუციური წინაღობა „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების სრული უზურპაციის გზაზე.

ის, რომ პრეზიდენტს აქვს დამაბალანსებელი ფუქცია ეფუძნება არა იმდენად პრეზიდენტის ფორმალური უფლებამოსილებებს (თუმცა, ცხადია, ესეც მნიშვნელოვანია), არამედ პრეზიდენტის სახალხო მანდატს, როგორც ასეთს.

ამდენად, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევითობის შეცვლა იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის პრაქტიკულად ერთსულოვან ნებას და კატეგორიულად მიღებელია.

3. პარლამენტის არჩევის წესი

„ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა გულისხმობს, რომ პირველ ადგილზე გასული პარტია მიიღებს ყველა გაუნაწილებელ ხმას. ნიშანდობლივია, რომ ეს ხმები იქნება ოპოზიციისთვის მიცემული ხმები.

„ქართული ოცნება“ ცრობს, როდესაც გვარწმუნებს, რომ ამგვარ ხმათა ოდენობა მინიმალურია. მხოლოდ ბოლო არჩევნებზე, გაუნაწილებელ ხმათა ოდენობა იყო დაახლოებით 20%.

„ქართული ოცნების“ არგუმენტი ოპოზიციური ხმების კანონიერად მისათვისებლად არის ავტორიტარული რეჟიმების საყვარელი, „სტაბილურობის“ არგუმენტი.

შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა გამორიცხავს კოალიციურ მთავრობებს (რაც იმთავითვე არაევროპული და არადემოკრატიულია) და არ ასახავს ამომრჩევლის ნებას.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამგვარი სისტემა არ არსებობს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში!

არსებულ რეალობაში, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის ყოველთვის მარტივი იქნება პირველ ადგილზე გასვლის უზრუნველყოფა თუნდაც ყველაზე მინიმალური უპირატესობით, სხვადასხვა ტიპის მანიპულაციის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ოლიგაქრის შეუზღუდავი ფინანსური რესურსის გამოყენებისა თუ სხვა გზებით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ხელისუფლება ელის პატივცემული კომისიის უარყოფით დასკვნას. ამ შემთხვევისთვის, ხელისუფლებას მომზადებული აქვს „გეგმა ბ“ – ე.წ. „კომპრომისული ვარიანტი“, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული ზედა ზღვარის დაწესებას „შესავსები“ მანდატების კუთხით.

წინასწარ, კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ „ბონუსების“ სისტემის ნებისმიერი ამგვარი თვალთმაქცური მოდიფიკაცია მიუღებელი იქნება და მიზნად ისახავს შემოთავაზებული უსამართლო საარჩევნო სისტემის კოსმეტიკურ შელამაზებას, რაც არ გადაჭრის იმ ფუნდამენტურ პრობლემას, რომელიც ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს გააჩნია კონსტიტუციის ახალ პროექტთან და, კონკრეტულად პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებით.

4. საარჩევნო ბლოკების აკრძალვა

საარჩევნო ბლოკებზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია ისტორიული კონტექსტი: 1990 წლის შემდეგ, ხელისუფლების ყველა ცვლილება საქართველოში განხორციელდა საარჩევნო ბლოკის მიერ. ბლოკების აკრძალვა არის მკაფიო გზავნილი, რომ რუტინული, დემოკრატიური არჩევნების გზით ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება აღარ მოხდება.

არადამაჯერებელია არგუმენტი, რომ ამგვარი აკრძალვა ემსახურება პარტიების გამსხვილებას. საარჩევნო ბლოკის შესაქმნელად საკმარისია სუბიექტების თანხვედრა ძირეულ საკითხებზე, ხოლო ერთ პარტიად ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია შეჯერება პრაქტიკულად ყველა იდეოლოგიური თემაზე, რაც თვისებრივად სხვა სირთულის ამოცანაა.

ამდენად, ბლოკების აკრძალვა რეალურად ემსახურება პარტიების არა გამსხვილებას, არამედ განადგურებას და მიზნად ისახავს ოლიგარქი ივანიშვილის პოლიტიკური ძალის მიერ ხელისუფლების შენარჩუნებას ამომრჩევლის ნების მიუხედავად.

5. სხვა საკითხები

ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ვარიანტში არის საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელი მთელი რიგი სხვა საკითხები. ასეთებს შორის უნდა გამოვყოთ: (ა) პარლამენტის როლის შემდგომი დაკნინება (მთავრობის შემადგენლობის ცვლილების შემთხვევაში, პარლამენტის თანხმობა საჭირო აღარაა); (ბ) ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება (რაც საქართველოს გეოპოლიტიკურ რეალობის გათვალისწნებით, უდიდესი საფრთხეა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის); და (გ) მოსამართლეთა დანიშვნის წესი (პრეზიდენტის როლის შემცირება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლის გაზრდა და 3-წლიანი საგამოცდო ვადის სავალდებულოდ ქცევა).

კონსტიტუციის ახალ პროექტში კიდევ მრავალი ფუნდამენტურად მიუღებელი საკითხია, თუმცა, ამ ეტაპზე, მათზე შეგნებულად არ ვსაუბრობთ, რადგან საფრთხის ქვეშ არის მთავარი: ქვეყანაში დემოკრატიული გზით ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის შესაძლებელობა, როგორც დემოკრატიის ქვაკუთხედი.

ივანიშვილის „ოცნების“ მიერ შემუშავებული კონსტიტუციის პროექტი, მიღების შემთხვევაში, იქნება არა მხოლოდ დემოკრატიის მხრივ უკან გადადმული უზარმაზარი ნაბიჯი, არამედ ნაბიჯი საქართველოს ავტორიტარულ ქვეყნად ქცევისა და არაფორმალური მმართველობის დაკანონების გზაზე. კონსტიტუციის ახალი პროექტი მოახდენს პოლიტიკური ველის ხელოვნურ მარგინალიზებას, აიძულებს მას სისტემის გარეთ გასვლას და უკიდურესად არაპროგნოზირებადს გახდის ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებას.

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი პარტიები მივმართავთ ვენეციის კომისიას და ვთხოვთ მას, როგორც რეალურად იმ ერთადერთ ორგანოს, რომელსაც ჯერ კიდევ ხელეწიფება თავისი ჩართულობით შეაჩეროს „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული სვლა, კონსტიტუციის პროექტის განხილვისას გაითვალისწინოს არა მხოლოდ განყენებული, თეორიული საკითხები, როგორც ამას ითხოვს ხელისუფლება, არამედ ის კონკრეტული რეალობა, რომელშიც ქართველი ხალხი იბრძვის თავისუფალი, დემოკრატიული, ევროატლანტიკური მომავლისთვის“, – აღნიშნულია წერილში.

banner
წინა სტატიაშიგმირთა მოედანზე, გვირაბში ავტომობილი ამობრუნდა
შემდეგი სტატიაპროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვის დახურვას ითხოვს